საქართველოს საბანკო ასოციაცია, მომხმარებლების ფინანსების უსაფრთხოების მიზნით, სპეციალურ წერილს აქვეყნებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„წინასადღესასწაულო ვაჭრობის დრო კიბერთაღლითებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია. კიბერთაღლითობის შემთხვევა ყველაზე ხშირად თავად მსხვერპლის გაუფრთხილებლობით დგება - როცა ადამიანი კიბერთაღლითს კონფიდენციალურ, ფინანსურ ინფორმაციას თავად უზიარებს.
ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია - არავის გავუზიაროთ ჩვენი ფინანსური ინფორმაცია, ვისწავლოთ სანდო და არასანდო ბმულების, შეტყობინებების, წერილების და ზარების გარჩევა, თავი დავიცვათ ორმაგი ვერიფიკაციით. რჩევა ბევრი შეიძლება იყოს, მთავარი რჩევა ერთია - მეტად დავინტერესდეთ კიბერუსაფრთხოების საკითხით და თავდაცვის საბაზისო წესებით.
გაფრთხილდი და გააფრთხილე - გავიაზროთ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა, გავფრთხილდეთ და გავუზიაროთ ეს ინფორმაცია სხვას, გავაფრთხილოთ მეგობარი, კოლეგა, ახლობელი“, — ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციის წერილში.