საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს, — განცხადებას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს.
ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, — აღნიშნულია განცხადებაში.
რუსული სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, სოჭის საზღვაო პორტი საქართველოსთან საზღვაო გზით მგზავრების გადაყვანის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. სააგენტოს ცნობით, სოჭიდან საქართველოში მგზავრების ტრანსპორტირება, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება.