„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ უნგრულ Wizz Air-ს ბოლო ორი წლის განმავლობაში 18 მილიონზე (არ აკონკრეტებს ლარია თუ დოლარი) მეტი გადაუხადა. გაიაშვილის აზრით, საქართველოს მთავრობა უცხოურ კომპანიას საკუთარი კომპანიის ჩასაძირად აფინანსებს.
„დღეს „ჯორჯიან ეარვეისი“ რა მდგომარეობაში ჩავარდა ყველანი ვხედავთ, სახელწმიფომ თავისი პასიურობით უპრეცედენტო კვალი დატოვა. მე კორუფციულ ნიშნებს ვხედავ, რადგან სახელმწიფოს „ვიზიარ“-ისთვის ბოლო ორ წელში 18 მილიონზე მეტი აქვს გადახდილი, საერთო ჯამში კი ამდენი ადამიანი არც კი დაფრინავს,“ - განაცხადა გაიაშვილმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე რატომ აფინანსებს სახელმწიფო Wizz Air-ს? გაიაშვილი პასუხობს, რომ - „ეს კითხვა სახელმწიფოს დაუსვით. ისინი ამ ფაქტს წლების განმავლობაში ტურიზმის მოზიდვით ამართლებენ.
საკითხში გარკვევის მიზნით „კომერსანტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უნგრული ავიაკომპანიისთვის თანხის გადარიცხვის ფაქტს უარყოფენ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის მხრიდან სიმართლეს არც სხვა სახის ბრალდებები შეესაბამება. მაგალითად, ისეთი როგორიც, საქართველოს მთავრობის მიერ Wizz Air-ის საკუთარი კომპანიის ჩასაძირად დაფინანსებაა.
„რა თქმა აუნდა ჩვენ ორი კომპანიის დავის საკითხით დავინტერესდით და მისი შესწავლის პროცესი უკვე დავიწყეთ,“ - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
,,ჯორჯიან ეარვეისი’’ ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც 25 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. დღეისთვის, ავიაკომპანია 17 ავიამიმართულებით ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ავიაგადამზიდია. 2018 წელს ავიაკომპანიამ 550831 მგზავრი გადაიყვანა. დღესვე ჯორჯიან ეარვეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ,,ტავ ურბან ჯორჯიას’’ საწინააღმდეგო აქციას გამართავს.
ლიკა გურაბანიძე