საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„არ დაგიმალავთ, რომ ეს განხილვის საგანია, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. პრაქტიკულად, ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, მათ შორის ფრენების შეწყვეტის საკითხი, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია, თუმცა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკები მაინც დარჩება, შეიძლება, სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, მაშინ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები, ძალიან ძვირი ფასი იქნება გადახდილი“, – განცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო აკვირდება ევროპელი პარტნიორების პრაქტიკას კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ამას ვუყურებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები, რა პრაქტიკაა იქ, როგორ იცავენ თავს, რამდენად ძლიერია კონტროლი საზღვრებზე და გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ, უკვე აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ასე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
1tv.ge