„საქართველოს მოსახლეობას ჰაერივით სჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ინკლუზიურად თითოეულ მოქალაქეს გაითვალისწინებს“-ამის შესახებ ბიზნეს ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი საუბრობს.
მისი განცხადებით, ისტორიამ აჩვენა, რომ ექსკლუზივები და კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფებზე მორგებული მონოპოლიური ვითარება არ ემსახურება ქვეყნის განვითარებას, რადგან შექმნილი დოვლათი მხოლოდ ვიწრო ჯგუფზე ნაწილდება და არ აისახება დადებითად საზოგადოების ფართო წრეებზე.
„წარმატების მისაღწევად აუცილებელია არსებობდეს განვითარების ხედვა, რომელიც უნდა განახორციელონ მოტივირებულმა, პატიოსანმა, და პროფესიონალმა საჯარო მოხელეებმა. განვითარების ხედვა მოტივირებულ საჯარო მოხელეებთან კომბინაციაში წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.
კანონმდებლობით უნდა გაიწეროს ალგორითმი, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში რეფორმებს, ინოვაციის და სიახლის შემოტანას. რეფორმა არ უნდა იყოს მიმართული გადასახადების დაწესებაზე, არამედ პირიქით უნდა დანერგოს სიახლე, გააჩინოს ახალი დარგები, ექსპორტის ახალი ნომენკლატურა, რომელიც გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს და ხელი შეუწყობს ეკონომიკის ზრდას. მოხელეთა ჯგუფი, რომელიც წარმატებულ პროექტებს განახორციელებს უნდა დაჯილდოვდეს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის პროპორციულად. ეკონომიკის ზრდა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ინოვატორ და გულმოდგინე მოხელეებს, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ ქვეყნის განვითარებისათვის. ქართულ სასწაულს სჭირდება სამი რამ: 1. განვითარების ხედვა; 2. მოტივირებული, პატიოსანი და პროფესიონალი მოხელეები; და 3. შესაბამისი დაფასება“-აღნიშნავს თარიმანაშვილი.
მისივე ინფორმაცით, ბოლო პერიოდში ხშირი იყო სპეკულირება პრემია–დანამატებზე, რომელსაც გარკვეული სამინისტროების თანამშრომლები დაუმსახურებლად იღებდნენ. შესაძლოა ბევრიც დამსახურებულად იღებდა, მაგრამ მექანიზმის არარსებობა ქმნიდა გაურკვევლობას და აღნიშნული თემით დაუსრულებელი სპეკულირება პირიქით მოხელეთა დემოტივირებას უწყობდა ხელს. ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯები და წარმატებული საქმიანობა სწორად უნდა შეფასდეს და გაიზომოს, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში პროპორციულ დაჯილდოვებას გახდის შესაძლებელს.
„აღშნიშნულმა მექანიზმმა ყველა მოხელე, დარგი და რეგიონი უნდა მოიცვას, რაც უფრო ეფექტიანად აამუშავებს კერძო–საჯარო თანამშრომლობას. დღეს კერძო სექტორს პირადი დაინტერესება აქვს გარკვეული მიმართულებების განვითარებისთვის, რადგან ბიზნესის ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახება მენეჯმენტის და თანამშრომლების შემოსავლების ზრდასა და კეთილდღეობაზე. დღეისათვის კერძო სექტორის სულისკვეთება არ მოდის თანხვედრაში საჯარო მოხელეების განწყობასთან. საბიუჯეტო შემოსავლების შესაძლო გაზრდით მოხელისთვის არაფერი იცვლება, რადგან მოტივაციის მექანიზმი არ არსებობს. ამიტომაც უნდა არსებობდეს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც გააჩენს იმპულსს და ხელს შეუწყობს სწრაფ განვითარებას“-აცხადებს ცუცქირიძე.