22 აპრილს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა, საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში პირველი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით კომიტეტის დეკლარაცია მიიღეს.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს დაარსებიდან დღემდე, COVID-19-ის პანდემია ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე კრიზისს და უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად, ადამიანების, მათ შორის, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების ჯანმრთელობის დაცვისთვის, ყველა დონეზე, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს ხელისუფალთა მხრიდან.
მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაავადებასთან ბრძოლა უნდა წარიმართოს ორგანიზაციის პრინციპებისა და წევრი ქვეყნების ვალდებულებების შესაბამისად და კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რაც გამოხატულია ორგანიზაციის წესდებასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ სოლიდარობა და თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის გადამწყვეტია პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭო, განვითარების ბანკის (CEB) ჩათვლით, კრიზისის პერიოდში და მის შემდეგაც, წევრი ქვეყნების მხარდაჭერას განაგრძობს.
imedinews.ge