საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამორინეებისთვის მოსაკრებლის განახევრების შესახებ გადაწყვეტილებას განმარტავს: აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ერთჯერადად და მიზნად ისახავს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ქ.თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევას.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 21 მარტიდან სამორინეებს შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობა და მუშაობის განახლების შესაძლებლობა მათ 2021 წლის 1-ლი აპრილიდან მიეცათ, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებული სირთულეების გამო, დღემდე ვერ შეძლეს ფუნქციონირების დაწყება.
უწყების ცნობით, 2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით, თბილისში მოქმედ სამორინეებს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი 5 მლნ ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მათთვის მიიღო ერთჯერადი გადაწყვეტილება. კერძოდ, თბილისში იმ სამორინეებისთვის, რომლებიც ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, წელს სანებართვო მოსაკრებელი იქნება 2 500 000 ლარი. გარდა ამისა, 2022 წელს 2 500 000 ლარს გადაიხდიან თბილისში მოქმედი ის სამონირეები, რომელთაც სამორინეს მოწყობის ნებართვა აღებული აქვთ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თბილისში მოქმედ ყველა სამორინეს და რომელიც ყველა სამორინესთან მიმართებით ვრცელდება მხოლოდ ერთი წლის სანებართვო მოსაკრებელზე (ნებართვები გაიცემა 5 წლის ვადით), დაეხმარება სექტორს საქმიანობს განახლებაში.
სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც წელს ისარგებლებენ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით (ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე), 2022 წელს სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებელი კვლავ 5 მლნ ლარი იქნება.