თბილისის და საქართველოს რეგიონების ნაწილს ენერგომომარაგების მიწოდება ორშაბათს, 14 ივნისს დაახლოებით 14:00 საათზე შეუწყდა.
საქართველოს ელექტროსისტემაში ამის მიზეზად სისტემურ ავარიას ასახელებენ.
"დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები", – ნათქვამია "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ოფიციალურ განცხადებაში.
ekhokavkaza.com ოკუპირებულ აფხაზეთში რეგისტრირებულ კომპანია "ჩერნომორენერგოზე" დაყრდნობით წერს, რომ ენგურჰესზე გენერატორები ავარიულად გამოირთო. ადგილზე სადგურის სპეციალისტები მუშაობენ. აფხაზეთის ნაწილი ელექტროენერგიით აღარ მარაგდება.