„ბუნებრივია ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც მთელ ქვეყანას ძალიან უჭირს, ეს სწორი გადაწყვეტილება“,- ასე აფასებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოქალაქეებს კომუნალური გადასახადები გადაუხადოს. ენერგეტიკოსი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ეხება როგორც გაზის, ის ელექტროენერგეტიკის სექტორში 70 %-მდე მომხმარებელს. მირცხულავა მიიჩნევს, რომ მოკლე დროში, ყველაზე ეფექტური ნაბიჯი, რომელიც მოსახლეობას მძიმე სოციალურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებაა.
„მომხმარებლების 70 პროცენტს, როდესაც ეხება გადაწყვეტილება, ბუნებრივია ეს სწორი ქმედითი ნაბიჯია. შეიძლება ფოკუსირებულად მოძებნილიყო აბონენტები, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ, მაგალითად, სოციალურად დაუცველები, მაგრამ ეს გაცილებით მეტ დროს წაიღებდა, ამ პირობებში ეს იყო ყველაზე მართებული გადაწყვეტილება, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ელექტროენერგიის მოხმარების სექტორში“- განაცხადა დავით მირცხულავამ.
ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის ბუნებრივი აირის მოხმარებას გაზრდის. „კომერსანტი“ დაინტერსდა, მაშინ როდესაც, საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში მისი გამომუშავების ზრდას აჭარბებს. ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტმა, 2018 წლის მდგომარეობით 0.9 ტვტ. სთ-ს მიაღწია, არის თუ არა შესაძლებელი ქვეყანა მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის დეფიციტის რისკის ქვეშ არ დადგება.
„არ მგონია მოხმარება გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში ბევრი საწარმოა გაჩერებული, ტურიზმის კი სექტორი მთლიანად გაჩერდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ 2 წლის წინ გავაკეთეთ გათვლები, თუ რამდენ ენერგიას მოიხმარდა ერთი ტურისტი ჯამურად. აქ იანგარიშებოდა ყველაფერი- ელექტროენერგიაც, ბუნებრივი გაზიც, საწვავიც და ა.შ. ერთი ტურისტი წლიურად დაახლოებით 800 კვტ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, 8 მლნ ტურისტის შემთხვევში ეს რიცხვი 6,4 მლრდ-ია. აქედან მხოლოდ ელექტროენერგია იყო 1,5 მლრდ. ფაქტობრივად, ჩვენ კრიზისში იმ დროს შევედით, როდესაც ტურისტების დიდ ნაკადს ველოდებოდით, რეალურად ეს აღარ მოხდება. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება, არ მიმაჩნია სწორად. ასევე ზაფხულის თვეებში ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის სიჭარბე, მდინარეებზე წყალდიდობების პერიოდში შევდივართ.აქედან გამომდინარე, საქართველოს ელექტროენერგიის მოწოდების დეფიციტის საფრთხე ივლისის თვის ჩათვლით არ ელოდება“, -განმარტავს დავით მირცხულავამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ 1 აპრილს განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს 3 თვით სრულად დაუფინანსებს. იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც დენზე შეღავათს გაუწევენ, 1.2 მილიონია, გაზზე შეღავათები კი, 650 ათას აბონენტს შეეხება.
ბაჩო ადამია