გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ვიზიტით ეწვია ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრთან სტეფან ვაილთან. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„შეხვედრაზე ლევან იზორიამ გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
მხარეებმა განიხილეს ქვემო საქსონიის რეგიონისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განათლების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის დარგებში.
ქვემო საქსონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ლევან იზორია ეწვია გიოტინგენის უნივერსიტეტს, სადაც შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან პროფესორ ჰილტრაუდ კასპერ-ჰენესთან და გიოტინგენის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელთან ალექსანდერ ტილესთან“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.