წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი თებერვლის საშუალო მაჩვენებელი -8.3 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.
ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.
საქსტატის ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 6.9 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია.
ახლადრეგისტრირებულ საწარმოების რაოდენობა კი 4,463 იყო, რაც წლიურ ჭრილში 12.4%-ით არის გაზრდილი.