წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.
მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მარტთან შედარებით 21.5%-ით მეტია. შედარებისთვის, თვეების მიხედვით იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 8.1%-ით შემცირდა, თებერვალში კი 7.6%-ით გაიზარდა.