პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2020 წლის III კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი უარყოფითი იქნება და –6.2% დაფიქსირდება. მშპ-ის მოსალოდნელი კლება კვლავ განპირობებულია COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკებისაგან. სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების ცალკეულ შემთხვევებში გაუქმების ან ზოგ შემთხვევაში შერბილების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვანია საგარეო მოთხოვნის შოკი და გლობალური პანდემიის ფონზე კვლავ მნიშვნელოვნად დარღვეულია გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც განაპირობებს მიწოდების შოკს.
აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით:
- ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 90%-ით შემცირდება, ამავე დროს მკვეთრად შემცირდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რიცხოვნობაც.
- ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან კლებას ნაწილობრივ დააკომპენსირებს შიდა ტურიზმის აქტივობა. (მოსალოდნელია, რომ ტურიზმის იმპორტის ნაწილი გადმოერთვება შიდა ტურიზმზე).
- უმნიშვნელოდ შემცირდება კერძო მოხმარების მოცულობა, განსაკუთრებით არასასურსათო პროდუქტებზე.
- შემცირდება კერძო ინვესტიციები, რომლებიც მთავრობის საინვესტიციო აქტივობების მიუხედავად მნიშვნელოვნად განაპირობებენ მთლიანი ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ უარყოფით ტემპს.
- მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი კლების პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის კლებაც.
- შემცირებული მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც.
- მსოფლიოში მიმდინარე ანალოგიური მოვლენებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ შემცირდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად შემცირდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია, რომ ექსპორტის მოცულობა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ექსპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი –0.4%-ული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად შემცირდება (განსაკუთრებით კერძო ინვესტიციების შემცირების გამო) და მშპ-ს ცვლილებას –5.8 %-ული პუნქტით განაპირობებს.