თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი - ჩაკეტილი ქალაქები ღიაა მხოლოდ დღეს და მხოლოდ მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება სურს. ამ ქალაქებში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვა ორდღიანი შეღავათის (გამონაკლისის) შემდეგ, დღეს, საღამოს 9 საათიდან, კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე, ისევ ძალაში შევა.
შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი გუშინ ამოქმედდა, შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, უკვე სრულად დაშვებულია მანქანების გადაადგილება და ტაქსების ოპერირება. თუმცა მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ დილის 6 საათიდან საღამოს 9-მდე, კომენდანტის საათის ამოქმედებამდე.
ამასთან, ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილება არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის: თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავისთვის.
მთავრობამ გუშინ და დღეს 2-დღიანი გამონაკლისი დაუშვა და დიდ ქალაქებში შესვლა-გასვლა დასაშვებია მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. მოქალაქეებს საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე, როგორც ავტომობილით, ისე ფეხით ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ.
imedinews.ge