საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეიზღუდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. პირდაბადეების გაგზავნა 27 თებერვლიდან აიკრძალა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, 2020 წლის 27 თებერვლიდან შეიზღუდა საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა“, – აცხადებენ უწყებაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს და სთხოვს საზოგადოებას, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული გარემოება.
„შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, სამედიცინო ნიღბების დეფიციტი მთელ მსოფლიოში შეიქმნა, მათ შორის საქართველოშიც“, – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.
1tv.ge