2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (44.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (44.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (33.4 მლნ. აშშ დოლარი). ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41.5 მილიონი აშშ დოლარით არის გაზრდილი. 2018 წლის იანვარში ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება 2.9 მილიონი აშშ დოლარი შედაგინა, მაშინ როდესაც 2019 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 44.4 მილიონი აშშ დოლარი იყო.
2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს (4.0 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარში, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.
2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (97.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (72.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (65.0 მლნ. აშშ დოლარი).
2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (117.1 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (109.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (106.0 მლნ. აშშ დოლარი).
2020 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 51.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 49.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 18.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 16.0 მლნ. აშშ დოლარით (6.1 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობის აირების სახით, რომლის იმპორტმა 56.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 51.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 50.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.1 პროცენტი).
ნინო თამაზაშვილი