კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივ მოხმარებაში გაშვებას 12-18 თვე დასჭირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ანტივირუსულ პრეპარატზე მუშაობს ფარმოკოლოგიური კომპანია „გილიადი“, საქართველო კი მასთან მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკვე დაიწყო.
„გილიადი“ სამედიცინო საზოგადოებას სთავაზობს ანტივირუსულ მედიკამენტს, რომელიც ამჟამად გამოცდის ფაზაშია. ჩვენ უკვე გვქონდა „გილიადის“ ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია და ველოდებით მათ დასტურს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს ეს მედიკამენტი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხვალიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება. მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.