26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ზეიმის გარეშე ჩაივლის.მთავარი ღონისძიება ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართება. დისტანციის დაცვით მოწყობილ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.
ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.გაიმართება თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიაც.
დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების ქვედანაყოფებშიც.
26 მაისის აღსანიშნავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მთაწმინდის პანთეონში პატივს მიაგებენ ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას.დამოუკიდებლობის აქტის მიღების ადგილთან, დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბებიან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.
სასახლესთან ღია გამოფენას: "26 მაისი-დამოუკიდებლობის 102 წელი" გამართავს პარტია "ლელო საქართველოსთვის".
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
რადიო თავისუფლება