დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში Covid-19-ის ვაქცინის მისაღებად.
გამყრელიძემ 26 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ Covid-19-ის ვაქცინის წარმოება შედის ფინალურ ეტაპზე: „9-მდე ვაქცინა გადის დღეს კლინიკურ კველევებს, აქედან 3 უკვე მესამე ფაზის კვლევებშია“.
გამყრელიძის თქმით, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ.
მისი განცხადების თანახმად, „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ (Gavi-ს), კოორდინირებით, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მოწოდებასთან დაკავშირებით:
„ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოც (საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები, NCDC)… ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წინა ეტაპზეა ოქსფორდის და ასტრაზენეკას ერთობლივი წარმოების ვაქცინა და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველო [გახდეს ერთ-ერთი, რომელიც მიიღებს ვაქცინას]“.
„იქ არის პირობები ვაქცინის მიღებისა, რომელიც ქვეყანას უდგება, როგორ რა პირობები უნდა გავიაროთ განაცხადთან დაკავშირებით, რაც განვიხილეთ საკოორდინაციო საბჭოზე და პრემიერმა შესაბამისი დავალებები მისცა შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.
ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკა“ (AstraZeneca) რამდენიმე თვეა, ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად ვაქცინის შექმნაზე მუშაობს – მის ტესტირებაში სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეები მონაწილეობენ.
ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ან აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA-ს) არ აქვს დამტკიცებული კორონავირუსის ვაქცინა.
ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიამ AstraZeneca-სთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინის წარმატების შემთხვევაში, ავსტრალიის მოსახლეობისთვის უფასო იქნება.
„ოქსფორდის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იმედის მომცემია მსოფლიოში, ამ შეთანხმების შედეგად კი ჩვენ ნაადრევი წვდომა გვექნება ვაქცინაზე, რომელსაც ავსტრალიის ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა.
კომპანია 3 მილიარდი ვაქცინის დოზის საწარმოებლად უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყანის მთავრობასა და ორგანიზაციებთან.
netgazeti.ge