საქართველო-აზერბაიჯანის, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
"ქრონიკის " ინფორმაციით, სამივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომლებმაც ირანის საზღვარი 22 თებერვალს გადაკვეთეს და დღეს საქართველოში ბრუნდებოდნენ.
"იმის გამო, რომ ისინი ირანში იმყოფებოდნენ, აუცილებელია საკარანტინო პერიოდი გაიარონ თბილისში. მათი გადაყვანა სპეციალური მანქანებით მოხდება. არცერთ მათგან არ აქვს ტემპერატურა. რაც შეეხება სატვირთო მანქანებს, საზღვარს მას შემდეგ გადმოკვეთენ, რაც კომპანია მათ დეზინფექციას ჩაუტარებს"- უთხრა "ქრონიკას" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.
ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 870-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 824-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 533-ია.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
Imedinews.ge