საქართველო ახალი როლის ძიებაში

საქართველო ახალი როლის ძიებაში

access_time2022-09-26 14:05:45

საქართველო ისტორიული შესაძლებლობების გზაგასაყარზე დგას, რომლის სწორად გააზრება ქვეყანას, ხარისხობრივად უკეთეს გეოპოლიტიკურ პოზიციაში აღმოჩენის შანს მისცემს.



დღეს, ქვეყანა გარშემორტყმულია ერთდროულად რამდენიმე მასშტაბური გეოპოლიტიკური კრიზისით. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წინააღმდეგობა ახალ ეტაპზე გადადის. რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება ღია ორთაბრძოლაში ტრანსფორმირდა, რომლის ხანგრძლივობა, დიდი ალბათობით, მინიმუმ, ათწლეულზე გაიწელება. თურქეთი დაკავებულია შიდა პრობლემებით და რეგიონში საკუთარი პოზიციით გადაფასებით, ხოლო ირანში კი შიდა არეულობაა. მოიტანს განსაკუთრებულ შედეგებს თუ არა ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე გამოსვლები, ირანის ეკონომიკური პოზიციები შესუსტებული იქნება მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში. მისი გეოპოლიტიკური ვექტორი კი აშშ-სთან პაექრობასა და სამხრეთ კავკასიაში თურქული გავლენის ზრდის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოსთვის ამ კრიზისების კასკადი დიდ გამოწვევას წარმოადგენს. გამოწვევებთან ერთად ბევრი შესაძლებლობაც არის. ჩვენი ყველა მეზობელი დაკავებულია მოკლე და გრძელვადიანი პრობლემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს წინაშე რამდენიმე წელიწადზე, თუ არა ათწლეულზე, გაწელილი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება თავისი მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად.



თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკა ქვეყნის მყარ შიდა მდგომარეობას ეფუძნება. საქართველოს უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ქვეყანას ამის ფუფუნება არასდროს ჰქონია. შესაბამისად, ნებისმიერი ქართული ხელისუფლების უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს ჯანსაღი შიდა პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფა. ამის მიღწევა კი რთულია, როდესაც დიდ მოთამაშეებს საქართველოს შიდა დასუსტების ინტერესი გააჩნიათ. დღეს, როდესაც რუსეთი დაკავებულია უკრაინაში ომით და ეს ვითარება ნაკლებად შეიცვლება მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს შიდა პოლიტიკურ განვითარებას, უცხო, მტრულად განწყობილი ძალისგან მეტ-ნაკლებად განთავისუფლების კარგი შანსი აქვს.



შიდა პოლიტიკური პრობლემების გარდა, მეზობლების დაკავებულობა საქართველოს საგრძნობ უპირატესობას ანიჭებს რეგიონში აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოების კუთხით. რა სახის წარმატებაც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ქვეყნის გეოგრაფია (ამაზე დეტალური მსჯელობა ქვემოდ იქნება), მისი ადგილმდებარეობა უცვლელი რჩება. საქართველო „დაწყევლილია“ პერმანენტულად არასტაბილურ რეგიონში მდებარეობით, რაც სამეზობლოში აქტიური დიპლომატიის წარმოების აუცილებლობას ორმაგად ზრდის. ეს დამყარებული უნდა იყოს კავკასიაში საქართველოს „ცენტრალურობაზე“ – რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები თუ პოლიტიკური ინიციატივები საქართველოს მონაწილეობის გარეშე წარუმატებლობისთვის უნდა იყოს განწირული.



საქართველო ასევე პერმანენტული ბალანსირების რეჟიმში უნდა იყოს. რეგიონი ქაოტურია, ძალთა ბალანსი ხშირად ცვალებადი, რაც კრეატიულ საგარეო პოლიტიკურ მიდგომებს საჭიროებს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული რეაქციული პოლიტიკის რეჟიმიდან, დღეს, მკაფიოდ პროაქტიულ საგარეო პოლიტიკაზე გადასვლის საჭიროება იკვეთება.



ასეთი პოლიტიკის წარმატება მკაფიოდ ჩამოყალიბებული გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკის ხედვიდან მომდინარეობს. საქართველოს გამთლიანება საკვანძო და უცვლელ მიზანს წარმოადგენს, ხოლო საშუალებები/ხერხები, რითაც ეს უნდა განხორციელდეს ცვალებადია და დამოკიდებულია რეგიონში და ევრაზიაში მიმდინარე პროცესებზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. დიდი გეოპოლიტიკური ტრენდების გარეშე პატარა კავკასიაში მიმდინარე პროცესების განმარტება არასრულ სურათს იძლევა.
სამხრეთ კავკასიაში ნამდვილი „მრავალ-პოლუსური“ ეპოქა იწყება. რუსეთის ექსკლუზიური მმართველობა ჩანაცვლდა ნაწილობრივ თურქული, ნაწილობრივ დასავლური და მცირე დოზით, ირანული და ჩინური გავლენის ელემენტებით. ასეთ მუდამ ცვალებად ძალთა გადანაწილებაში პატარა ქვეყნის ლავირებისთვის მეტი სივრცე იქმნება.



რეგიონში შესაძლებლობების გარდა, საქართველოს დასავლურ მიმართულებაზეც დიდი ცვლილებებია. ურთიერთობები რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის იმდენად ჩიხშია შესული, რომ მათ გამოსწორებას მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ. მთავარი კი ისაა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიამ კოლექტიურ დასავლეთს საკუთარი როლი გადააფასებინა. ტრანს-ატლანტიკური ერთობა უფრო მყარი გახდა, ხოლო სურვილი ევროკავშირის და ნატოს აღმოსავლური მიმართულების დაცვისა კი გაიზარდა.
მეტიც, ნატოსა და ევროკავშირში მკაფიოდ დაინახეს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა. მსოფლიოში რთულად მოიძებნება შავი ზღვის რეგიონზე გეოპოლიტიკურად უფრო დინამიკური გეოგრაფიული არეალი. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ამ რეგიონის მოსაზღვრე ქვეყნებს მრავალი სამოქალაქო და საგარეო ომის გადატანა მოუხდათ. მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულები არიან. სომხეთ-აზერბაიჯანის რამდენიმე ფაზიანი კონფლიქტი კი შავ ზღვას პირდაპირ კასპიასთან აკავშირებს. მეტიც, შავ ზღვაზე გადის მსოფლიო ნავთობის და ვაჭრობის მნიშვნელოვანი წილი. ისტორიული გამოცდილება კარნახობს, რომ ამ რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის უგულებელყოფა დასავლეთისთვის დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.



შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის მეტოქეობა ზუსტად ამ გეოგრაფიულ არეალზე გავლენის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. 2022 წლამდე დასავლეთის პასუხი რუსეთის ამბიციებზე მაინც უფრო არამკაფიო იყო. უკრაინაში ხელახალმა ომმა ეს ტენდენცია შეცვალა. დღეს, დასავლეთში სულ უფრო მეტადაა საუბარი შავი ზღვის რეგიონში გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნის აუცილებლობაზე.




საქართველო ამ ისტორიული პროცესების ეპიცენტრშია. გეოგრაფიული დისტანციის და რუსეთის წინააღმდეგობის გამო ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების საკითხი 2022 წლამდე მიჩქმალული იყო. დღეს, ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. რა თქმა უნდა, იმის მტკიცება, რომ საქართველო ახლო მომავალში გახდება ამ ორი ინსტიტუციის წევრი არ იქნება მართებული მყარი ფაქტების არქონის გამო, მაგრამ გეოპოლიტიკური ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ ნატო და ევროკავშირი შავი ზღვის რეგიონში გაფართოებისკენ ემზადებიან. იქნება ეს უშუალოდ ახალი წევრების დამატებით თუ აქტიური ეკონომიკური და სამხედრო ჩართულობით, საქართველოს მეტად მყარი კონტაქტების ჩამოყალიბების რეალური შესაძლებლობა ეძლევა.



საქართველოს ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში, მის უახლეს პერიოდში მაინც რთულად მოიძებნება რომელიმე მონაკვეთი, რომელიც ასეთ კარგ საშუალებას იძლეოდა ქვეყნის საგარეო და, რაც მთავარია, შიდა პრობლემების მოსაგვარებლად. დიდი პრობლემებით დაკავებული მეზობლების და შავი ზღვისპირეთში გაფართოებისთვის დასავლეთის მზადების კომბინაცია საგრძნობი გეოპოლიტიკური შესაძლებლობების მომცემია. ერთი ფაქტორი კი უცვლელი რჩება – საქართველოს ადგილმდებარეობა.
გეოგრაფიის „წყევლის“ მოშორება



საქართველო ევრაზიის შუაგულში მდებარეობს. ის ერთდროულად აზიის, ევრაზიის და ევროპის პერიფერიაშია. ამ ფაქტმა ისტორიულად დიდი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. ქვეყანა მუდამ რამდენიმე იმპერიის ინტერესის ობიექტი იყო.
თუმცა საქართველოს ისტორიის უმეტესი პერიოდის განმავლობაში საფრთხე მაინც უფრო ერთი მიმართულებიდან მოდიოდა. ქვეყნის სამხრეთი საზღვარი იმ სივრცეს წარმოადგენდა, რომელიც ქართველი მეფეების ძირითად ყურადღებას მოითხოვდა. დასავლეთიდან შავი ზღვა დიდ საფრთხეს არ მოიცავდა, ხოლო ჩრდილოეთიდან, მომთაბარეების გარდა, რომლებიც თავისი არსით ფუნდამენტურ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, დიდი საშიშროება არ მომდინარეობდა.



ქართული პოლიტიკური მენტალობა ყალიბდებოდა მახლობელ აღმოსავლეთზე ზემოდან, ჩრდილოეთიდან ყურებით. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის განსაზღვრაში.



როდესაც ასპარეზზე ძლიერი რუსული სახელმწიფო გამოჩნდა, ქართველ მეფეებს ჩრდილოეთით ყურებაც დასჭირდათ. მაგრამ სანამ მოხდა მისადაგება ახალ რეალობასთან, ქართული მონარქია დაშლილი იყო, ხოლო მცირე ზომის ქართული სამეფოები კი არ იყვნენ საკმარისად ძლიერნი ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის.



გარკვეულწილად, დამოუკიდებელ ქართულ დიპლომატიას საკმარისი დრო და ალბათ უფრო მეტად რესურსი არ ჰქონდა წარმატებული მრავალვექტორული დიპლომატიის წარმოებისთვის.



ზემოთ ვახსენე, რომ საქართველო ისტორიულად ერთდროულად რამდენიმე ცივილიზაციის პერიფერიაზე მდებარეობდა. ეს ცუდი იყო და კარგიც. ცუდი უცხოელი დამპყრობლების პერმანენტული ინტერესების გამო, ხოლო კარგი, რადგან ეს პერიფერიულობა საქართველოს განცალკევებულობას, მის ერთგვარ განსაკუთრებულობას უწყობდა ხელს.



ამ გეოგრაფიულმა ფაქტორმა დიდწილად საქართველოს დღევანდელობაც განაპირობა. დღესაც, ისევე როგორც ადრე, საქართველო თურქეთის, რუსეთის, ევროპის და მახლობელი აღმოსავლეთის პერიფერიაზეა. ის თან მნიშვნელოვანია, თან ხშირად მივიწყებული დიდი მოთამაშეების მხრიდან.



ეს ამბივალენტურობა ხშირად ურთულებს საქართველოს სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებას. თბილისში თან გრძნობდნენ, რომ მნიშვნელოვანნი არიან რუსეთისთვის, თან ხედავდნენ რუსეთისგან გაუგებარ (ომი, ანექსია, მტრული რიტორიკა და ა. შ.) საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს. ედუარდ შევარდნაძიდან მოყოლებული ქართველი პოლიტიკოსები აცნობიერებდნენ ბრიუსელთან ურთიერთობების მნიშვნელობას, თან ხშირად უკმაყოფილოები იყვნენ ევროკავშირის არასაკმარისი ჩართულობით.



ამრიგად, საქართველოს პერიფერიულობა ისტორიულად ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა აქაც, იმ ისტორიულ პროცესებთან ერთად, რომელიც ზემოთ ვახსენე, შესაძლოა დიდი ცვლილებების წინაშე ვიდგეთ. საქართველოს ისტორიული პერიფერიულობა ნელი ტემპებით მის ცენტრალურობით ნაცვლდება. მაშინ, როდესაც ევროპა და ცენტრალური აზია/ჩინეთი რუსეთის ტერიტორიის არიდების მიზნით ახალი სავაჭრო გზების აგებას ცდილობენ, ხოლო ბრიუსელისთვის აზერბაიჯანული გაზი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება, საქართველოს როლი როგორც საკვანძო გამაერთიანებლისა საგრძნობლად მატულობს.



ემილ ავდალიანი

"ჯეოქეისის" აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ევროპოს უნივერსიტეტის პროფესორი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up