თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 27 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას გადასინჯავენ. ამასთან, მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს. რაც შეეხებათ ადვოკატებს, მათი ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.
ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.
Ipn.ge