საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეარჩია. გენერალური პროკურორობის პოსტზე შერჩეული ოთხი კანდიდატურიდან საპროკურორო საბჭო ერთ კანდიდატს დასამტკიცებულად პარლამენტს გადაუგზავნის.
შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, კანდიდატების პოზიციები ოპოზიციისას არ ემთხვევა. „ევროპული საქართველოსთვის“ ირაკლი შოთაძის ხელმეორედ არჩევა მიუღებელია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ ღია იყო.
„საპროკურორო საბჭო არ არის დამოუკიდებელი უწყება, ის ივანიშვილის მითითებებს ემორჩილება. შესაბამისად, ისინი არჩევანს ირაკლი შოთაძეზე შეაჩერებენ. ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების შემდეგ შოთაძის დაბრუნება არის უბრალოდ დაცინვა“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.
„იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმი, შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა, შემდეგ კი სესიაზე კენჭი ეყრება გენერალური პროკურორობის კანდიდატს. პირადად მე ირაკლი შოთაძეს დავუჭერ მხარს“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.
გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
imedinews.ge