საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით 39.9%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.71% შეადგინა. საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 30 ნოემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2% ლარში.
საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.5% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 14.1% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 8.1% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 64.6% არის განთავსებული.
2022 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.85 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 418 მილიონი ლარია.