საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,96% შეადგინა.
საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 ივლისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.2% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.8% ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 5.0% განთავსებულია მიმდინარე ანგარიშებზე, 8.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 7.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9.4% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 68.6% არის განთავსებული.
ამ დროისათვის, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.514 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 346 მილიონი ლარია. დაგროვებითი პენსიით კი, ივლისის თვის მდგომარეობით 2 267-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაცემულმა თანხამ შეადგინა 5 072 564.85 ლარი.