კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი, რომელსაც COVID-19-ი დაუდასტურდა, თბილისში სამთავრობო დაცვის სამსახურში მუშაობს. იგი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია და მას ახალი კორონავირუსი სწორედ დედაქალაქში დაუდასტურდა.
შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით ხოვლეში ახლა ეპიდემიოლოგები არიან ჩასულები და მუშაობენ. კაცი სოფელში ბოლოს რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა.
საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews,ge