საპარტნიორო ფონდს აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის" (OPIC) მმართველი დირექტორი მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ დარგში ქენეთ ენჯელი სტუმრობს. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქენეთ ენჯელისთან მიმდინარე ერთობლივი პროექტებისა და გრძელვადიან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მხარეებმა იმსჯელეს სასტუმრო „რედისონ წინანდლის” პროექტზე, რომელსაც ამერიკული კორპორაცია „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ახორციელებს; ამჟამად წინანდალში მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2017 წელს იგეგმება.
OPIC-თან თანამშრომლობა, ასევე, მოიცავს მცირე და საშუალო საწარმოების ფონდ Gazelle Finance-ში თანამონაწილეობას.
საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრაზე OPIC-ის მმართველ დირექტორთან ფონდის მენეჯმენტმა თანამშრომლობის ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს.
ფონდსა და OPIC-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის გაზაფხულზე გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში.
ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერის მიზნით, OPIC-მა საქართველოში დღემდე 50-ზე მეტ პროექტში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გაზრდის მიზნით, საპარტნიორო ფონდის დელეგაცია აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის მიწვევით, 2016 წლის სექტემბერში აშშ-ში იმყოფებოდა.
„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას მსოფლიოს განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოწვევებისკენ მიმართავს. ვინაიდან, OPIC–ი აშშ-ის კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე და ამ გზით, ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას, როგორც შეერთებულ შტატებში, აგრეთვე - საზღვარგარეთ. OPIC–ი თავისი მისიის განსახორციელებლად ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურ რესურსს, გარანტიებსა და რისკების დაზღვევას, აგრეთვე მხარს უჭერს კერძო საინვესტიციო ფონდებს. OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს.
OPIC–ის ყველა პროექტი გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. კორპორაცია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებსაც მოიცავს. ამ სტანდარტების დაცვით, OPIC ესწრაფვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები იმ ქვეყნებში, რომლებშიც მოღვაწეობს. OPIC-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია 160-ზე მეტ ქვეყანაში. 1971 წლიდან დღემდე OPIC-მა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
OPIC წარმოადგენს ერთერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და „ფრანჩაიზის" ქსელების ჩათვლით. დღევანდელი მონაცემებით, OPIC აფინანსებს 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ქვეყანაში.