დღეიდან საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციაში, ოპოზიციურ ჯგუფებში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა იწყება. ორშაბათს კი, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
დღეს გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა. სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა იგეგმება.
მოგვიანებით, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა არის დანიშნული. ამ სხდომის დღის წესრიგშიც არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა. მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა გუშინ დაასახელა. მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილებაა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კი ირაკლი ქარსელაძე იქნება.
1tv.ge