აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა.
დახურულია აჭარის სამი მაჟორიტარული ოლქის 373-ივე უბანი და დაწყებულია ხმის დათვლის პროცედურა.
31 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 186 182 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 314 889 -ის 59,12% პროცენტია. 2016 წლის აქტივობის მაჩვენებელი იყო – 52,97%, რაც შეადგენს 163 419 ამომრჩეველს.
ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასეთია: ბათუმის ოლქი – 81 222 ამომრჩეველი – 55,14%; ქობულეთის ოლქი – 43 186 ამომრჩეველი – 60,9%; ხელვაჩაურის ოლქი – 25 402 ამომრჩეველი – 60,9 %; შუახევის ოლქი – 10 057 ამომრჩეველი – 66,52%; ქედის ოლქი – 11304 ამომრჩეველი – 71,9%; ხულოს ოლქი – 15 011 ამომრჩეველი – 61,96%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში.
კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაუყოვნებლივ მიეწოდება უსკო-ს და მიღებისთანავე აიტვირთება უსკოს ვებ-გვერდზე (www.usko.ge). აჭარის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დაწერილია დაახლოებით 40-მდე საჩივარი. ნაწილი დარღვევებისა ძირითადად ადგილზევე აღმოიფხვრა, იყო პროცედურული ხასიათის. საჩივრები ორი დღის ვადაში განიხილება შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ.
24-ვე სპეცუბანზე, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა სამკურნალო და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის, უკვე დაიწყო ხმის დათვლა და საჩივარი არსად დაფიქსირებულა.
1tv.ge