სანტა კლაუსმა რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვა, მაგრამ საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა. როგორც უცხოური მედია წერს, სანტა ორ წლიანი პაუზის შემდეგ, რაც თავის მხრივ COVID-პანდემიიდან გამომდინარეობდა, იაპონიაში ჩავიდა და ამისთვის ავიაკომპანია Finnair-ის თვითმფრინავი გამოიყენა.
ფრენა სანტას მშობლიური ფინეთიდან ტოკიოს ნარიტას აეროპორტამდე, მიმდინარე წელს, ჩვეულებრივზე სამი საათით მეტხანს გაგრძელდა, რადგან Airbus A350-მა მოკლე მარშრუტი არ გამოიყენა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეზე გადის. სანტა კლაუსი გრძელი მარშრუტით ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. აღნიშნული მარშრუტი კი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებასაც ითვალისწინებდა. იაპონიიდან სანტა გაფრინდება სინგაპურსა და მუმბაიში (ინდოეთი). ჩინეთი სანტას კვლავ არ იღებს, რადგანაც ქვეყანაში ჯერ კიდევ პანდემიაა.
აღსანიშნავია, რომ 1983 წლიდან Finnair სანტა კლაუსის ოფიციალური გადამყვანი ავიაკომპანიაა. შობის მთავარი სიმბოლოს მოგზაურობა მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ ხელს უწყობს ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციას, არამედ სიხარული მოაქვს ათასობით ბავშვსა თუ ზრდასრულისთვის.