სამხრეთ კორეაში COVID19-ის ახალი ტალღის შემდეგ სკოლების გახსნა გადაიდო და სწავლის პროცესი ონლაინრეჟიმში დარჩება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.სკოლების გახსნის გადადების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ მშობლები და ბავშვები, რადგან ისინი აცხადებენ, რომ ონლაინსწავლების შედეგად განათლების დონე შემცირდა.
სამხრეთ კორეაში 10 მაისს covid19-ით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ერთი თვის რეკორდია, - ამის შესახებ ინფორმაცია worldometers-ზე ვრცელდება.
9 მაისს ქვეყანაში ყველა ღამის კლუბი და ბარი დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.ბოლოს 32 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში 12 აპრილს გამოვლინდა. მას შემდეგ სამხრეთ კორეაში ეპიდემიის გავრცელების დინამიკა ყოველდღიურად იკლებდა.
სამხრეთ კორეაში სულ კორონავირუსის 10,874 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 256 ადამიანი დაიღუპა, 9,610 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge