სამტრედიის მერია 10-13 იანვარს განვითარებული სტიქიური მოვლენის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზიანებული სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული ობიექტების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების მთლიანი და ნაწილობრივი გადახურვის სამუშაოებს იწყებს. აღნიშნული სერვისის შესაძენად კი გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს. პროექტის ბიუჯეტი 1 242 000 ლარია.
როგორც ცნობილია, სტიქიამ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, განსაკუთრებით მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარკვეული ნაწილის დაზიანებული სახურავები საჭიროებს ნაწილობრივ შეკეთებას, ხშირ შემთხვევაში კი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავები საჭიროებს მთლიანად შეცვლას.
„ვინაიდან, შექმნილ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ზამთრის სეზონი და მოსალოდნელი უხვი ნალექი, საჭიროა სასწრაფოდ განხორციელდეს დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია. ვინაიდან, დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა უნდა მოხდეს სასწრაფოდ, ხოლო ტენდერი ითვალისწინებს გარკვეულ ვადებს, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა“, - აცხადებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში.