სამთო-სათხილამურო კურორტების მთის მენეჯერები საფრანგეთში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაზე „Mountain Planners“ იმყოფებიან.
საერთაშორისო გამოფენაზე სამთო-სათხილამურო კურორტების მოწყობის და განვითარების საკითხები განიხილება. აქ იკრიბებიან ხელოვნური გათოვლიანების თუ საბაგირო გზების მშენებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანიები და ინფორმაციის გაცვლა უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე მიმდინარეობს.
„ამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია მთის კურორტების განვითარებისთვის. გამოფენაზე განიხილება ყველა სიახლე, თუნდაც ახალი საბაგიროების აშენება და მომსახურების სფეროში არსებული სიახლეები. შეხვედრების განმავლობაში ინფორმაციის გაცვლა და პოტენციურ პარტნიორებთან კონკრეტული შეთანხმებების მიღწევაა შესაძლებელი,“ , - აცხადებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენელი.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოს მთის კურორტების ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვისაც.
„საფრანგეთში ამჟამად იმყოფებიან სვანეთის, გოდერძის, გუდაურის, ბაკურიანის და ჩვენი კომპანიის თბილისის ოფისის წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ ინფორმაციის მსოფლიოში გატანას“ , - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენელმა.