„სამშენებლო სამუშაოებზე მეტი დრო ბიუროკრატიას მიაქვს“  - როგორ მიმდინარეობს სამშენებლო ამნისტიის მე-2 ეტაპი?

„სამშენებლო სამუშაოებზე მეტი დრო ბიუროკრატიას მიაქვს“ - როგორ მიმდინარეობს სამშენებლო ამნისტიის მე-2 ეტაპი?

access_time2017-11-07 09:40:47

2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ მშენებლობებზე სამშენებლო ამნისტიის მეორე ეტაპი უკვე 4 თვეა გრძელდება, თუმცა უცნობია ამ ეტაპზე მშენებლობა რამდენმა კომპანიამ გაანაახლა. თბილისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვთ. დეტალური მონაცემები არ აქვთ არც  „მენაშენეთა ასოციაციაში“, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირველი ეტაპის მინდინარეობისას წარმოქმნილი ბიუროკრატიული ბარიერების გამო, რამდენიმე ინვესტორმა პროექტში ფულის ჩადებაზე უარი თქვა და მშენებლობაც არ განახლდა.


შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 8 აგვისტომდე დაწყებული და შეჩერებული მშენებლობების სამშენებლო ამნისტიის დაწესების შესახებ თავდაპირველად 2015 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს დღემდე მძიმე ტვირთად აწვება, რაც აღნიშნული დარგის განვითარებას აფერხებს.


მოგვიანებით თბილისის მერმა დავით ნარმანია განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობა მზად არის კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლოს და მშენებლობის ნებართვების ვადა გაუგრძელოს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ მშენებლობებს. პარლამენტის დადგენილებით, 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება და ასევე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა. როგორც მაშინ ფინანსთა სამინისტროში აცხადებდნენ, საგადასახადო შეღავათი შეეხებოდა 30-მდე სამშენებლო კომპანიის 65-ზე მეტ სამშენებლო პროექტს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში. 


იმის გამო, რომ მშენებლობების განახლებას ბევრი კომპანია ვერ ახერხებდა, „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციამ“ ბიზნესომბუდსმენის აპარატს წინადადებით მიმართა, რომ ვადის გადაწევა მომხდარიყო. საბოლოოდ, სამშენებლო ამნისტიის ვადა 2018 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდა და ამ ეტაპზე შეჩერებული მშენებლობების განახლების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე კი,  2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, 25 მშენებლობა განახლდა და ისინი წლის ბოლომდე დასრულდება.


დაუსრულებელი მშენებლობების დიდი წილი დედაქალაქზე მოდის, სწორედ ამიტომ „კომერსანტმა“ კითხვით, თუ მეორე ეტაპზე რამდენ მშენებარე ობიექტზე განახლდა სამუშაოები და როგორ მიმდინარეობს პროცესი, თბილისის მერიის შესაბამის უწყებებს მიმართა. თუმცა ამაოდ, ერთმა საქალაქო სამსახურმა მეორე სამსახურში გადაგვამისამართა, მეორემ - ისევ პირველში და საბოლოოდ, კონკრეტული დეტალები გაურკვეველი დარჩა. შესაბამისად, გამოდის, რომ თბილისის მერიაში ან არ იციან, რამდენი მშენებლობა განახლდა, ან იციან, მაგრამ მონაცემების გახმაურება არ სურთ. 



კონკრეტული სტატისტიკა არ აქვთ „მენაშენეთა ასოციაციაში.“ თუმცა როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, სამშენებლო ამნისტიის ვადის 2020 წლამდე გადაწევა გარკვეულმა ბიუროკრატიულმა პრობლემებმა გამოიწვია.


„ვადის გადაწევა მოხდა იმიტომ, რომ ბევრი ობიექტი, რომელიც 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო, დროში გაიწელა. სამშენებლო სამუშაოებზე მეტი დრო ბიუროკრატიულმა სამუშაოებმა წაიღო. მშენებლობის განახლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტორის მოძიებაა. როცა იურიდიული საკითხები მორჩა და მენაშენეებს ინვესტორთან მოლაპარაკების შესაძლებლობა მიეცათ, აღმოჩნდა, რომ მშენებლობა სამ თვეში უნდა დასრულებულიყო, რაც ბუნებრივია, ვერ მოესწრებოდა. ინვესტორი ხელს არ ჰკიდებდა ისეთ ობიექტს, რომელსაც ბიუროკრატიამ სამუშაო დრო „შეუჭამა“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.


მისივე თქმით, ვიდრე მშენებლობა დაიწყება, სხვა პროცესებთან ერთად, გასავლელია პროცესი, რომელიც მოსახლეობის ერთმანეთთან მორიგებას ეხება, რაც სასამართლოში უნდა გაფორმდეს: „სამწუხაროდ, ეს ქვეყნის რეალობაა და მსგავსი პროცესები სტრუქტურიდან სტრუქტურაში სიარულში იწელება. სასამართლოში სანამ მორიგების საქმე ჩაინიშნება, ერთი წელი ელოდები, რადგან მოსამართლეებს ისედაც ათასი საქმე აწერიათ. იყო შემთხვევები, რომ კომპანიებმა მშენებლობის განახლებისთვის თავიდან  სამი წელი გათვალეს, მაგრამ ორნახევარი წელი მოხმარდა ბანკებში, სასამართლოებში სირბილს და საბუთების მოწესრიგებას. რეალურად მშენებლობისთვის მხოლოდ ნახევარი წელი დარჩათ.ზოგი ინვესტორი საერთოდ წავიდა და თავიდან დავიწყეთ ძებნა. ასეთი პრობლემური კომპანიები რომ დაგროვდა, სია შევადგინე და პრემიერ-მინისტრს გავუგზავნე. იყო კონსულტაციები, შეხვედრები და ვადის გადაწევა ვითხოვეთ. მთავრობამაც ახალი დადგენილება გამოსცა.“


მისივე თქმით, ყველაზე მეტად ბიუროკრატიული პროცესები დედაქალაქის მერიაში გაიწელა.


„ამ შეღავათმა თავდაპირველი ეფექტი, რაც ჩაფიქრებული იყო, რა თქმა უნდა, მოახდინა. ვისურვებდი, რომ მეტი ეფექტი მოეხდინა, რადგან დღესაც ძალიან ბევრი გაჩერებული მშენებლობაა. ზოგიერთმა კომპანიამ ამ შეღავათით საერთოდ არ ისარგებლა. ზოგიერთი მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობა საერთოდ ვერ მოვძებნეთ. ვფიქრობ, რომ უფრო მარტივი პროცედურების დაგეგმვა შეიძლებოდა, თუმცა ამაზე კამათი არ ღირს. მე ჩემი პოზიცია მაქვს, სხვებს - თავისი. მერიას უფრო მარტივად შეეძლო ეს პროცესები წარემართა, მაგრამ ბევრი დრო მოანდომეს იმის დადგენას, რომ ფინანსთა სამინისტროში გაერკვიათ მშენებლობა 2008 წლამდე იყო დაწყებული თუ არა. ჩემი აზრით, ამას ერთი წელი არ სჭირდებოდა. უნდა გამოყოფილიყო სპეციალურად ერთი ადამიანი, რომელიც ამ საკითხზე სწრაფად იმუშავებდა“, - განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.


რაც შეეხება ზუსტ ციფრს, შეღავათის ამოქმედებიდან დღემდე რამდენი მშენებლობა განახლდა, ირაკლი როსტომაშვილისთვის კონკრეტული დეტალები უცნობია: „ზუსტი ციფრი არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ რამდენიმე კომპანიამ სამშენებებლო პროცესები წარმატებით განაახლა. ერთ-ერთ ობიექტის პროექტში ინვესტორისთვის მისაღები კორექტივები გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი დეტალია მოსაგვარებელი. ეს კომპანია უნდა მივიდეს მერიაში. იქიდან საგადასახადოში, შემდეგ ბანკში და ა.შ. ჩვენ მხოლოდ კოორდინაციას ვუწევთ პროცესს, მენაშენეებს და ხელისუფლებას შორის შუამავლი რგოლი ვართ. მათი პრობლემები მერიამდე ან ფინანსთა სამინისტრომდე მიგვაქვს და გამოსავალს ვეძებთ. დღგ-სგან გათავისუფლებაც ასეთი გამოსავალი იყო, რადგან კომპანიებს  გაყიდული ბინებიდან აღებული თანხები უკვე ბანკებში და დავალიანებებში ჰქონდათ გახარჯული და მშენებლობის გაგრძელებას ვერ ახერხებდნენ.“


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია
access_time2020-11-27 18:00:38
ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში - რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები. რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს. „კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი...

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება
access_time2020-11-27 14:45:22
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31...


მსგავსი სიახლეები

up