აპრილის მონაცემებით, საფრანგეთში სამსახურის მაძიებელთა რიცხვი 22.6 პროცენტით გაიზარდა. ფრანგული მედია მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ სულ სამსახურის 4 575 500 მაძიებელი დარეგისტრირდა, ეს რაოდენობა კი მარტში 843 000 იყო. 1996 წლის შემდეგ ეს რეკორდული მაჩვენებელია.
საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მარტის შუა რიცხვებიდან დააწესა. მიმდინარე კვირას კი სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ეკონომიკა 20 პროცენტით შემცირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge