სამომხმარებლო ბაზრებზე ფასების ზრდას წელს ვერაფერი შეაჩერებს. ენერგომატარებლების უპრეცედენტოდ გაძვირების გამო ფასის ზრდა თითქმის ყველა პროდუქციაზე არის მოსალოდნელი. ტენდენცია დამახასიათებელი იქნება როგორც გლობალურ, ასევე შიდა ბაზრებზეც. ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლება ლარის გამყარება გახდეს. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ,,კომერსანტთან“ ამბობს, კურსი უნდა დაგვეხმაროს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა არ მოხდეს.
,,ტენდენცია წავა, თავისთავად, უარყოფითად. 90%-ით ვართ როგორც საკვებ და საყოფაცხოვრებო პროდუქციაზე, ასევე ნედლეულზე დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მთავარი არის გაზი და ელექტროენერგია, რომელიც მწარმოებელს და სადისტრიბუციო კომპანიებს სჭირდება ოპერირებისთვის. გარდა ამისა, შეინიშნება ფასების ზრდის ტენდენცია ყველა პროდუქტზე, აქედან გამომდინარე, იმპორტიორებიც იძულებული არიან, რომ საქონელი გააძვირონ. ეს ყველაფერი ცალსახად გლობალურ ბაზრებზე კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. საქართველოს შემთხვევაში, ლარის სტაბილურობა დაგვეხმარება, რომ მკვეთრად არ მოხდეს ფასების ზრდა, რაც გვაძლევდა ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელს“, - ამბობს ივა ჭყონია.
შექმნილ სიტუაციაში ჭყონია გამოსავალს ბიუროკრატიული წნეხის შემსუბუქებაში ხედავს და დასძენს, რომ ხარჯი რაც შეიძლება, უნდა შემცირდეს და კომპანიებს საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქონ. ასეთი ზომები ქვეყნების უმეტესობამ მიიღო.
,,გარკვეულ დონეზე შესაძლებელია, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ავიცილოთ. ყველა ქვეყანამ ქმედითი ღონისძიებები გაატარა და ჩვენც მოგვიწევს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის, ასევე დღგ-ს შემცირება, რაც წაახალისებს კომპანიებს, რომ მასშტაბური გაძვირება არ მოახდინონ. სწორედ მაღალი ფასები ახდნენ ზეგავლენას ინფლაციაზე. სწორი ნაბიჯი თუ გადაიდგმება, შესაძლებელია აპრილში 5%-ზე მაღალი ინფლაცია არ მივიღოთ. მთავრობამ პირდაპირი მნიშვნელობით, უნდა იმოქმედოს და ,,ქამრები შემოიჭიროს“, ბიუროკრატიული ხარჯი რაც შეიძლება შემცირდეს და შეაჩერონ ფასების კატასტროფული ზრდა, კურსიც თუ შენარჩუნდა და სამიან ნიშნულს არ გადასცდა, ჩვენ ორნიშნა ინფლაცია არ უნდა გვქონდეს. გააჩნია იმასაც, რა ფასები იქნება საერთაშორისო ბაზრებზე, ტენდენცია ჯერჯერობით მზარდია“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ივა ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ტენდენცია მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება. რეგიონში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე ბოლო წლების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. ზრდის მაღალი ტემპით განსაკუთრებით თურქეთი გამოირჩევა, ხოლო შედარებით დაბალი ზრდით სომხეთი. ამ უკანასკნელში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან უკვე მეორე თვეა წლიური ინფლაციის დონე მცირდება.
საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 13.9% შეადგინა, ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2021 წლის დეკემბერშიც – 13.9%. 2021 წლის ივლისიდან კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზრდის ტემპი ორნიშნაა, ხოლო 2019 წლის მარტიდან სამიზნე, 3.0%-იან ნიშნულს აჭარბებს. აქამდე ორნიშნა ინფლაცია 2011 წელს იყო, როცა ფასების ზრდა 14.5%-ს აღწევდა. საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია.
მარი ჩიტაია