როგორც ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საჯარო სკოლებშიც კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება. პარალელურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამკაცრდა ჰიგიენის ნორმების დაცვაზე კონტროლი, რათა სააღდგომო არდადეგების დაწყებამდე, ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან, - აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების რეკომენდაციით, სკოლებში ასევე მკაცრად კონტროლდება მშობელთა და სხვა პირთა სკოლის ტერიტორიაზე მიმოსვლა, ხოლო ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში – სადეზინფექციო სამუშაოების დროული ჩატარება.
გასული კვირის, 17-25 აპრილის, მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა.
„მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასია. გაზრდილია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობაც, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 123 მასწავლებელი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 302 785 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 284 749, გარდაიცვალა 4 007 პაციენტი.
imedinews.ge