სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

access_time2019-08-17 16:00:29

ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.
                                     
                                                                                                  
ლორდი ექტონი
 

რუსეთში ანეკდოტადაა ცნობილი ის ამბავი, რომ პეტერბურგის ძიუდოს აკადემიამ, მხოლოდ 1976 წლის გამოშვებით, მსოფლიოს უფრო მეტი მილიარდერი აჩუქა, ვიდრე ჰარვარდის ბიზნესსკოლამ მთელი მისი არსებობის განმავლობაში. სწორედ ამ სკოლაში ეწაფებოდა საბრძოლო ხელოვნებას მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ უცნობი ვლადიმირ  პუტინი იქამდე, სანამ, ძალაუფლებით მოხიბლული, რუსული პოლიტიკის ფულით მოფენილ ეკლიან გზაზე თავის სისხლიან კვალს სამუდამოდ დატოვებდა. 

პრეზიდენტ ბორის ელცინის ავამდყოფობამ კრემლში დაახლოებით ისეთივე ამბავი დაატრიალა, როგორიც უკვდავი სტალინის უეცარმა სიკვდილმა 1953 წელს, მაგრამ ელცინმა საბოლოო სიტყვა მაინც თქვა და თავისი საქმის გამგრძელებლად ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დანიშნა, რომელიც დიდ პოლიტიკაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სახელით შემოვიდა. თუმცა, პირადი სიმპათიების მიუხედავად, პუტინის არჩევის რეალური, პოლიტიკური მიზეზები მაინც ბურუსითაა მოცული.

ცხრამეტწლიანი მმართველობის განმავლობაში, ჯერჯერობით, მსოფლიომ სამი განსხვავებული ვლადიმირ  პუტინი იხილა. ჯერჯერობით იმიტომ, რომ უცნობია, თუ კიდევ რა ვადით დარჩება პუტინი რუსეთის ხელისუფლად. ამის შესახებ „ეხო მასკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე რუს ჟურნალისტ იური დუდთან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ პუტინს პრეზიდენტობა სიცოცხლის ბოლომდე ორი გარემოების გამო გადაუწყვეტია: პირველი მისი პირადი და თავისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაა; ანუ პუტინს არ აქვს გარანტია იმისა, რომ მათ უსაფრთხოებას ვინმე დაიცავს, თუკი ის თანამდებობას დატოვებს. მეორე მიზეზი კი ჯერ კიდევ შეუსრულებელი მისიაა - რუსული სამყაროს გაერთიანებისა და ფეხზე დაყენებისა. არადა, წასასვლელის მეტი რა აქვს პუტინს: თევზაობა ციმბირში, ჯირითობა საუკეთესო ცხენებით, მოგზაურობა წყალქვეშა ნავით - პენსიაზე მას გართობა ნამდვილად არ მოაკლდებოდა. 

იქვე, ვენედიქტოვი ახასიათებს „პირველი პუტინის“, 2000-2003 წლების მმართველობას, როგორც ბორის ელცინის პოლიტიკის ინერციულ გაგრძელებას - ანუ დროს, როცა ვლადიმირ  პუტინი ჯერ კიდევ ცდილობდა მსოფლიოსთან მისი წინამორბედის პირობებით ელაპარაკა(1). თუმცა ამაზე მან მალევე თქვა უარი. ეკონომისტი პოლ გრეგორი პუტინის რეიტინგებისა და მისი აგრესიული პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულებას უსვამს ხაზს: ლევადას კვლევითი ცენტრის (სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი, რომელსაც 2016 წელს „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი ) მიხედვით, 1999 წლის აგვისტოსთვის პუტინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მოსახლეობის 31% უჭერდა მხარს, ხოლო 37%-მა საერთოდ არაფერი იცოდა მის შესახებ. სადარბაზოების იმიტირებული ტერაქტებისა და ჩეჩნეთთან მეორე ომის შემდეგ, პუტინის რეიტინგი 84%-მდე გაიზარდა. რეიტინგის ასეთმა მკვეთრმა და სწრაფმა ცვლილებამ ვლადიმირ  პუტინი კიდევ უფრო დაარწმუნა ახლად გამოცდილ ძალადობრივ და ექსპანსიურ პოლიტიკაში, რამაც საბოლოოდ განაპირობა კიდეც მისი პოლიტიკური მომავალი. 

შესაბამისად, პუტინის გადაწყვეტილებას ელცინის შედარებით ლიბერალური პოლიტიკური ვექტორიდან გადახვევის შესახებ რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში, ეს ამერიკის შეერთებული შტატების პოსტსაბჭოთა სივრცეზე იდეოლოგიურმა ექსპანსიამ განაპირობა. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინის სიტყვა იყო, რომელშიც მან გარკვეულწილად დაანონსა რუსეთის მომავალი ჰეგემონიური, აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკა ბიპოლარული მსოფლიოს ჩამოსაყალიბებლად. მან დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატები სხვა სახელმწიფოებისთვის საკუთარი პოლიტიკის თავს მოხვევაში და ერთგვარად ნატოს არალეგიტიმურობაზე მიუთითა, როცა გაეროს უშიშროების საბჭო ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ მოიხსენია. 

ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო ძლიერ დაუმორჩილებლობას საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების მიმართ. ამას გარდა, ცალკეული სამართლებრივი ნორმები ლამის ერთი ცალკეული სახელმწიფოს მთელმა სისტემამ მოირგო, პირველ რიგში, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც ყველა სფეროში გადააბიჯა საკუთარ ეროვნულ საზღვრებს: ის სხვა ერებს თავის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ პოლიტიკას უწესებს. განა ეს ვინმეს მოეწონება? (2)

                                                               ვლადიმირ  პუტინი
                                                (
ნაწყვეტი მიუნხენში წარმოთქმული სიტყვიდან)
 

აქვე გავიხსენოთ პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი ე.წ. ფერადი რევოლუციები, როცა საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში პრორუსული მთავრობები დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებით შეიცვალა. რასაკვირველია, ჰეგემონიური ძალაუფლების მოყვარულ რუსეთს და მის პრეზიდენტ პუტინს შეუძლებლად მიაჩნდა ამ მოვლენათა ვექტორის ლიბერალური პოლიტიკით შეცვლა. საჭირო იყო იმ საბჭოური ძალადობრივი მანქანის ამუშავება, რომელსაც წლებით ადრე, ძალითა და დაშინებით, კლანჭებით ეჭირა საბჭოთა კავშირის თხუთმეტი რესპუბლიკა. შესაბამისად, ამ მოვლენებმა პუტინი აიძულა იმპერატორობაზე ფიქრი დაეწყო.

სულ მალე, 2008 წლის აგვისტოში, მსოფლიომ ნახა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი არ ხუმრობდა, როცა ბიპოლარული მსოფლიოს შექმნის შესახებ საუბრობდა. არალეგიტიმური საომარი მოქმედების შედეგად, რუსეთის ჯარებმა 

დაიკავეს საქართველოს კუთვნილი ტერიტორია - სამაჩაბლო - რის მერეც, რუსეთის მთავრობამ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 


საქართველოსთან ომის შედეგად, ვლადიმირ  პუტინის რეიტინგი იმ დროისთვის არნახულ ისტორიულ მაქსიმუმამდე - 88%-მდე გაიზარდა და 2009 წელს, GNP-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მაჩვენებლის მკვეთრი შემცირების დროსაც კი სერიოზულად არ შერყეულა.

საქართველოსთან ომის შემდეგ უკან დასახევი გზები უკვე ჩახერგილიყო. ვლადიმირ  პუტინის მმართველობის ამ ეპიზოდს ალექსეი ბენედიქტოვი ახასიათებს როგორც დროს, როცა პუტინი მიხვდა, რომ ყველაფერი, რაც კი აქამდე გაუკეთებია, მცდარი იყო და რომ ერთადერთი სწორი გზა იმპერიის შენებაა. პუტინის აზრით, იმპერია კარგია რუსეთისთვის, ისევე როგორც მსოფლიოსთვის, რომელსაც სტაბილურობისთვის მეორე სუპერსახელმწიფო სჭირდება. 

ვლადიმირ პუტინის იმპერიული ზრახვები ყველაზე ნათლად ყირიმის ანექსიამ დაგვანახვა. ირონიულია, რომ ყირიმის ანექსია სწორედ იმ დროს დაემთხვა, როცა დასავლეთის გზაზე მდგომი უკრაინა ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლას ცდილობდა. პუტინი გეოპოლიტიკური მოთამაშეა, გეოგრაფიის მაკიაველი, ვისთვისაც მიზანი ნამდვილად ამართლებს საშუალებას. ყირიმის ანექსიას წინ უძღვოდა პუტინის შიდა რეიტინგის სწრაფი და საფუძვლიანი კლება ისტორიულ მინიმუმამდე. აღსანიშნავია, რომ პუტინს სჩვევია საშინაო პრობლემების საგარეო კონფლიქტებით გადაფარვა: ასე იყო უკრაინის მოვლენების დროს, ასე იყო საქართველოში. 

ყირიმის შემოერთებით ვლადიმირ  პუტინმა მოსიყვარულე მამის როლი მოირგო, რომელმაც საკუთარ შვილს - რუს ხალხს, ოდინდელი ნატვრა აუსრულა და უძღები შვილი - ყირიმის ნახევარკუნძული დაუბრუნა. რუს ხალხს სისხლში აქვს გამჯდარი კომპლექსი დაცემული იმპერიისა. მათ ჯერ კიევის რუსეთი დათმეს, შემდგომ რუსეთის იმპერია დაკარგეს, ხოლო შემდეგ - საბჭოთა კავშირი. აქედან გამომდინარე, ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინის რეიტინგი ცას სწვდა. 

არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთის ფედერაციის თითოეულ საერთაშორისო გამარჯვებას ყოველთვის წინ უძღვის ქვეყნის შიგნით არსებული გადაუჭრელი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები, რომელთა კოლოსალური ნეგატიური შედეგების გადაფარვა პუტინს მხოლოდ საგარეო ინტერვენციების შედეგად ესახება. 

A

„ფორბსში“ 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი, პოლ ჯონსონი, პუტინს ჰიტლერს ადარებს და ამბობს, რომ მათი გზები არიული და რუსული რასების გასაბატონებლად ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და ყირიმის ანექსიას ისევე არ მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობისგან რეაქცია, როგორც მეორე მსოფლიო ომის წინ გერმანიის ქმედებებზე მოკავშირეთა მხრიდან.(3)

არსობრივად, ნაციონალისტურ-იმპერიალისტური იდეით შეპყრობილი დიდი პოლიტიკოსები ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა რუსებისთვის სტალინის პოლიტიკური მიდგომები ყოველთვის უფრო მისაღები და გამართლებული იყო, ვიდრე ჰიტლერის. მათი აზრით, სტალინმა საბჭოთა კავშირი სუპერსახელმწიფოდ სწორედ ჰიტლერის დამარცხებით შექმნა. ასევე, სტალინი აღიარებულია მისი კორუფციასთან ბრძოლის სადამსჯელო მექანიზმებით. პოპულარული რუსი ავტორი ვიქტორ ეროფეევი აღნიშნავს, რომ რუსული სული ბუნებით „სტალინისტურია“, რასაც ლევადას ცენტრის კვლევის შედეგი ამყარებს: გამოკითხულთა 70% მსოფლიოზე სტალინის გავლენას პოზიტიურად აფასებს. ამავდროულად, რუსეთის სხვა სისხლიან მმართველს, ივანე მრისხანეს და მის გადაწყვეტილებებს გამოკითხულთა 71% გამართლებულად მიიჩნევს. ამას გარდა, ორიოლის ოლქის გუბერნატორი ვადიმ პოტომსკი აღნიშნავს, რომ ივანე მრისხანემ, ერთი მხრივ, ქვეყნის ტერიტორია გააფართოვა და, მეორე მხრივ, კორუფცია აღმოფხვრა. 

ივანე მრისხანეს და იოსებ სტალინის ნარატივების გაცოცხლებით ვლადიმირ  პუტინი რიგითი ამომრჩევლისთვის ქმნის იდეალური მმართველის ხატს, რომლითაც საკუთარ პატერნალისტურ პოლიტიკას კიდევ უფრო ამყარებს. ამავდროულად, პუტინი საკუთარ თავს მთავრობისგან აცალკევებს და ამით ხელთ იგდებს ძალაუფლების დამატებით ბერკეტს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. არაპოპულარული გადაწყვეტილებების გადასაფარად პუტინს არც მთავრობის წევრის დასჯა ეუხერხულება. დასასჯელი ყოველთვის დაისჯება. 

ალექსეი ვენედიქტოვის შეფასებით, ვლადიმირ  პუტინი ჩამოყალიბდა ე.წ. „ბრეჟნევის ოფიცრად“, ანუ ადამიანად, რომლისთვის არსებობენ მტრები და მეგობრები, ხოლო ყველა, ვინც მეგობარი არ არის, უეჭველად მტერი უნდა იყოს. თუმცა, ისიც კი, ვინც ერთ დღეს მეგობარია, მეორე დღეს შეიძლება მტერი აღმოჩნდეს. 2003 წელს დაიწყო მიხაილ ხადარკოვსკის დევნა „იუკოსის“ ცნობილი საქმის გამო, რომელიც თითქოს გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით აღიძრა, მაგრამ ბურუსით მოცული ფაქტების გამო კომპანიის გასაკოტრებლად მიმართულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად ან პირად ანგარიშსწორებად შეიძლება შეფასდეს.

ამავე დროს, პუტინი აქტიურად მიმართავს „სალიამის ტაქტიკის“ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპს, რომელსაც ჯერ ცნობილი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია შეეწირა 2006 წელს, ხოლო შემდეგ, 2008 წელს, უფლებადამცველი და ჟურნალისტი მაგომედ ევლოევი. ჯამში, პუტინის სისხლიანმა რეჟიმმა ოცზე მეტი ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა. დაუთვლელია იმ ჟურნალისტთა რიცხვი, რომლებიც თავისი პროფესიული საქმიანობის გამო ციხეში მოხვდნენ. იოლად საქმე არც ოპოზიციას აქვს. 

ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადადგმული ნაბიჯები ხშირად არ იწვევს მასობრივ პროტესტს საზოგადოების მხრიდან - გაბატონებული ილუზია იმის შესახებ, თითქოს პუტინმა არ იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ, მას ყოველთვის აძლევს საშუალებას, შექმნას და დასაჯოს დამნაშავე. ამით პუტინი ამომრჩევლის თვალში სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გარანტად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, ხშირად, სოციო-ეკონომიკური პრობლემები ვერ იძენს პოლიტიკური მოძრაობის სახეს.

აღსანიშნავია, რომ წარუმატებელი საპენსიო რეფორმის შემდეგ, როცა პუტინმა საპენსიო ასაკი 5 წლით გაზარდა - ქალებისთვის 55-იდან 60-მდე, ხოლო კაცებისთვის 60-იდან 65 წლამდე - მისი რეიტინგი საგრძნობლად დავარდა (82%-დან 67%-მდე). 

A

ალექსი პეტრიაშვილი (2012-2014 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში) „ფორბსში“ დაბეჭდილ სტატიაში ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ანექსიის ყირიმული სცენარი მალე ბელორუსიაშიც ვიხილოთ.(4) ხომ არ არის შესაძლებელი, ეს მოლდოვაშიც მოხდეს? როგორ განვითარდება რუსეთ-ირანის ურთიერთობები და რა გავლენას მოახდენს ეს მსოფლიო ატომურ ბალანსზე? როგორ აისახება კიბერუსაფრთხოებაზე რუსეთის იზოლაცია მსოფლიო ინტერნეტის ქსელიდან? ხომ არ ვდგავართ კიბერ-ომის საფრთხის წინაშე? რას ემსახურება რუსეთის სამხრეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნები, რომლებიც საეჭვოდ დაემთხვა საქართველოში  Agile Spirit-ის წვრთნების - მრავალეროვნული სამხედრო სწავლების ჩატარებას? 

 


LIBERALI.GE





forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...


მსგავსი სიახლეები

up