ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„დღეის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 15 334 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 2 087 082 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.