საქართველოს პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს ეხმაურება.
„ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. დღეს ჩვენი ერი ამ ტრაგიკულ დღეს იხსენებს და საქართველოს გამთლიანების იმედს გამოთქვამს, რათა მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2018 წელს, 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს გამთენიისას კი, გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.
35 წლის ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ 26 დღის შემდეგ გადმოსცეს. ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა. ექსპერტიზის თანახმად კი, ცხედარს 100-მდე დაზიანება ჰქონდა.
უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.