12–თვიანი შეუჩერებელი ზრდის შემდეგ სურსათზე მსოფლიო ფასები ივნისში შემცირდა. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ სასურსათო ფასების მდგომარეობის შესახებ (FAO Food Price Index, FFPI) მომზადებულ ოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, სასურსათო ფასების ინდექსმა ივნისში 124.6 პუნქტი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელზე 2,5%–ით ნაკლებია. ამასთან, ანალიტიკოსების თქმით, ფასების შემცირების მიუხედავად, 2021 წლის ივნისის ინდექსი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 33,9%–ით მაღალია.
„ივნისის კლება FFPI–ს პირველი ვარდნა იყო 12–თვიანი თანმიმდევრული ზრდის შემდეგ. ივნისის შემცირებამ ფასები დასწია მცენარეულ ზეთებზე, ბურღულეულზე და სულ მცირედით რძის პროდუქტებზე, რამაც გარკვეულწილად დააკომპენსირა ხორცსა და შაქარზე არსებული მაღალი ფასები“, – ნათქვამია ანგარიშში.
FAO–ს მონაცემებით, ხორბლის ფასი ივნისში 2,6%–ით შემცირდა. იანვარში 2013 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გაძვირებული სიმინდის ფასი, არგენტინაში, ბრაზილიასა და აშშ–ში დაფიქსირებული უხვმოსავლიანობის გამო, 5%–ით შემცირდა. მცენარეული ზეთების ფასის ინდექსი მაისთან შედარებით 9,8%–ითაა შემცირებული (4–თვიან მინიმუმამდე), რაც, ძირითადად, პალმის, სოიოსა და მზესუმზირის ზეთების გაიაფებამ გამოიწვია. რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 1%–ით არის შემცირებული.