„დონას“ კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა და იგი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, რომლის შემდეგაც აჭარა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ „დონა“ აჭარაში ეპიდაფეთქების პირველწყარო იყო.
თავდაპირველად ვირუსი დაუდასტურდა „საკონდიტროს“ თანამშრომელს. საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ ყველა იმ პირს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „დონას“ ბათუმის ფილიალებში.
ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა სამნიშნულიანია. დღეს აღნიშნული მაჩვენებელი 175 იყო, თუმცა როგორც „დონაში“ აცხადებენ, მიუხედავად ყველაფრისა საკონდიტრო 5 ოქტომბრიდან გაიხსნება.
„5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ - თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით“, — აცხადებენ საკონდიტროში.