ხელისუფლებაში „ქართული ოცნების მოსვლიდან მეხუთე წელს, „სამართლიანობის აღდგენის“ საკითხი ისევ აქტუალურია. ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება საკმაოდ პასიურია, პასიურობას აღიარებს ხელისუფლებაც. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „ჩამორთმეული ქონებების მიმართულებით საკმარისი ვერ გავაკეთეთ“. მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს, გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ პროცედურები დაჩქარდეს და „გაუბედურებულ ადამიანებს დაუბრუნდეთ ქონება“.
„საკმარისზე გაცილებით ცოტა გავაკეთეთ ამ მიმართულებით. ალბათ, მომავალში მოგვიწევს დაჩქარებულ ტემპებში გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, პროცედურულად დიდი დრო მიაქვს პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის მიერ ამ საკითხების განხილვას, რადგან დიდი მოცულობის საქმეებია და ასეთი ტიპის განხილვების დაჩქარება ძალიან რთულია. მე გეთანხმებით, რომ ეს უსამართლობა გამოსასწორებელია და სავარაუდოდ, რაღაც ნაბიჯების გადადგმა მასიურად მოგვიწევს, რომ ამ გაუბედურებულ ადამიანებს დაუბრუნდეთ ქონება,- განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი 2012 წელს ხელისუფლებაში სწორედ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. მოგვიანებით კი, სამართლიანობის აღდგენისა და მოქალაქეებისთვის უსამართლოდ ჩამორთმეული ქონების, ბიზნესის დაბრუნების მიზნით პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტიც შეიქმნა.
დეპარტამენტის შექმნიდან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გამოძიებული საქმეების შედეგად, ძირითადად რამდენიმე ათეული ავტომობილი, რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ოქროს ნაკეთობები და ერთი ბიზნესი - ღვინის ქარხანა „აკურა დაუბრუნდა მფლობელს. რამდენიმე თვის წინ კი რუსთავი 2-ის ქონება დაუბრუნდა მის მფლობელებს, თუმცა დღევანდელმა მეპატრონეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს, ამ უკანასკნელმა კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ გააჩერა.
„კომერსანტი დაინტერესდა, რამდენი საქმე იქნა გამოძიებული, რამდენ ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენს დაუბრუნდა ქონება, რამდენად კმაყოფილია პროცესით მმართველი გუნდი და რატომ ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ დღემდე სამართლიანობის აღდგენა?
როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ მილიონობით ქონება დაბრუნებულია. მათივე ინფორმაციით, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოში 45 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა, საიდანაც 11 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულად ცნობილ 139 მოქალაქეს დაუბრუნდა 39 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აღიარებენ, რომ „ქართული ოცნების 5 წლის წინანდელი დაპირების შესრულება დამაკმაყოფილებელი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრემიერის ამ განცხადებას აქვს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები.
„ობიექტური მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მივიღეთ, რომლის მიხედვითაც საქმეების გადასინჯვის მექანიზმი სისხლის სამართლის წესით გასამართლებულ პირებთან მიმართებაში გამარტივდა. ძველი გართულებული მექანიზმი დარჩა სამოქალაქო და ადმინისტრაციული გზით ჩამორთმეულ ქონებებთან მიმართებაში. ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შენელების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გართულებული მექანიზმებია.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნებას, ეს რომ არ იყოს არც სისხლის სამართლებრივი მექანიზმი გამარტივდებოდა. რა თქმა უნდა, სიტუაციის გამოსწორების პოლიტიკური ნება არსებობს, უბრალოდ, არსებობდა შიში, რომ ადმინისტრაციული გზით ჩამორთმეული ქონებების კომპენსაციას სახელმწიფო ვერ შეძლებდა, რადგან ეს თანხობრივად ძვირი დაუჯდებოდა“, — აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე