საია - კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს

საია - კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს

access_time2020-10-31 18:50:52

18:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს“.

 

საია-ს ინფორმაციით, ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.

 

„ ზოგადი ტენდენციის სახით შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირთა დიდი რაოდენობით მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ძალდობრივ ქმედებებს. რაც ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მშვიდ და კანონის ფარგლებში ჩატარებას.

 

ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა ჯამში 64 საჩივარი, აქედან 37 უბნის, ხოლო 27 ოლქის დონეზე.

 

14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები შედარებით ვრცლად:

 

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა: სამტრედიაში #51 და თელავის #5 უბანზე საიას დამკვირვებლები უსაფუძვლოდ გამოაძევეს უბნიდან და არ მიეცა დაკვირვების შესაძლებლობა (ორივე შემთხვევა გასაჩივრებულია); სამტრედიაში #95 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მისცეს საშუალება გაცნობოდა ჩანაწერთა წიგნში არსებულ ინფორმაციას და შენიშვნა დაეფიქსირებინა მასში. საიამ ამ ფაქტზე საჩივარი დაწერა როგორც უბნის ასევე ოლქის დონეზე;

 

ამომრჩევლის ნების კონტროლი: საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში, №42 უბანზე, გრძელდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. როდესაც, ერთი და იგივე პირი რომელიც დაფიქსირებულია წინა განცხადებაში, ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას მათ ნაცვლად. საია დარღვევას საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრებს;

 

ამომრჩეველთა ნების კონტროლის ფაქტები დაფიქსირდა უბნის შიგნით, კერძოდ: დმანისის #19 უბანზე ამომრჩევლები შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდნენ დამკვირვებლებს, რომლებიც აწარმოებდნენ ამ ინფორმაციის აღრიცხვას. ფაქტზე საიამ დაწერა საჩივარი; დუშეთის #9 უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ინიშნავს მოსული ამომრჩევლების მონაცემებს;

 


გლდანის #79 და #84 უბნებში გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა ნების კონტროლის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ „კოორდინატორებს“ უზრუნველყონ წინასწარ განსაზღვრული პირების მოყვანა საარჩევნო უბანში; რუსთავის #74 და #75 უბნებზე ასევე მობილიზებულები არიან კოორდინატორები, რომლებიც ახდენენ მოსული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას;

 

მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა: მარნეულის #7 უბანზე მარკირებული ამომრჩეველი მეორედ შევიდა უბანზე და მეორედ მისცა ხმა;

 

ფარულობის პრინციპის დარღვევა: მარნეულის #10 უბანზე კაბინები იმგვარად არის განლაგებული რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დაფიქსირება.

 

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა:

 

ბაღდათის #2, თეთრიწყაროს #21 და გლდანის #80 უბანზე ამომრჩეველს უფლება მისცეს ხმა მეცა არასათანადო დოკუმენტაციის, კერძოდ მართვის მოწმობის მეშვეობით.

 

ძალადობის შემთხვევები საარჩევნო უბანზე: გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან „პუბლიკის“ ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირი მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. ამავე უბანთან მიმდინარე დაპირისპირების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო TV პირველის ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლი) კვალიფიკაციით, რაც წარმოადგენს არასრულყოფილ კვალიფიკაციას, რადგან გამოძიება უნდა დაწყებულიყო სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 154-ე მუხლებითაც (ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა). საია მოუწოდებს შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებისას;

 

ამავე ტერიტორიაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დამკვირვებლები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაპირისპირების ერთი მხარე სავარაუდოდ „ქართული ოცნებასთან“ აფილირებული პირები იყვნენ, ხოლო მეორე მხარეს იყვნენ დამკვირვებლები, რომელთა ვინაობაც ჩვენთვის უცნობია და რომელთაც აიძულებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია, შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა. მოძალადეები დამკვირვებლებს იხსენიებდნენ როგორც „ნაციონალებს“ და აყენებდნენ როგორც ფიზიკურ ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე იქ მყოფები აღნიშნავენ, რომ ინციდენტისას ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას. შესაბამისად, მივმართავთ შსს-ს დროულად აღკვეთოს და გამოიძიოს ეს ფაქტი, სადაც სავარაუდოდ იკვეთება სისხლის სამართლის 1621-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა), ასევე 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება);

 

ფოტო-ვიდეო გადაღების დარღვევა: მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები აგრძელებენ ამომრჩევლებისთვის სურათების გადაღებას ახლო დისტანციიდან. ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება და პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავება.

 

სხვა პროცედურული დარღვევები: დაფიქსირდა საარჩევნო ბიულეტენების გაცემის და ყუთში მოთავსების წესის დარღვევა, მათ შორის ხულოს #2 უბანში მოქალაქეს ერთ შემთხვევაში მისცეს ერთი და იგივე სახის ორი ბიულეტენი; საჩხერის #9 უბანზე ამომრჩეველს ყუთის ზედამხედველმა მისცა საშუალება ბიულეტენი საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის გარეშე მოათავსებინა;

 

საზღვარგარეთის უბნებზე კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები (ამ დროისთვის კენჭისყრის პროცედურები დაწყებულია შემდეგ უბნებში: ბარსელონა, ოსლო, რომი, ფრანკფურტი, ბერლინი, პარიზი, ბრიუსელი, ლონდონი, ვაშინგტონი, ათენი): ბარსელონაში უბანზე მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ მიმართეს შესაბამის უწყებებს და რეგისტრირებულნი არიან, თუმცა, არ არიან სიებში; ათენის #39-ე საარჩევნო უბანზე, დამკვირვებელი მხოლოდ საიას მოთხოვნის შემდეგ დაარეგისტრირეს, მანამდე განუმარტავდნენ, რომ დამკვირვებლები უბანზე როტაციის წესით უნდა ყოფილიყვნენ.

 

ზოგადი ტენდენციის მიხედვით ყველგან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უჭირთ პროცესის თანმიმდევრულად წარმართვა.

 

კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები: ფიქსირდება უბნებზე კომისიის წევრების და დამკვირვებლების მიერ პირბადის არასათანადოდ ტარება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები:
საია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up