საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში არ დგას იმ პირთა ამინისტირების საკითხი, რომლებიც დაჯარიმდნენ საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის. დეპუტატის თანახმად, მათ საფრთხე მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნეს:
„ჩვენი ვალდებულებაა მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, არ დგას დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, რომლებმაც დაარღვიეს საგანგებო ან საომარი რეჟიმი, ან კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო და საომარი რეჟიმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული საკითხი, რა თქმა უნდა, პარლამენტის პრეროგატივაა, მაგრამ არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი -15 000 ლარით ჯარიმდება.
არსებული ინფორმაციით, 31 მარტიდან 22 აპრილის ჩათვლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 15 360 000 ლარს შეადგენს. 5084 ჯარიმიდან, მაქსიმალური უმრავლესობა, 5075, ფიზიკურ პირს გამოეწერა. დაჯარიმებულთა შორის მხოლოდ 9 იურიდიული პირია.
საქართველოში covid-19- ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.
რადიო თავისუფლება