ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ვატო შაქარიშვილი, აქტიურ პრივატიზებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„საგანგაშო იყო მერის გუშინდელი განცხადება მუნიციპალური საკუთრებების აქტიურ პრივატიზებასთან დაკავშირებით. ვიცით რა, არაერთი ფაქტი თუ როგორ განკარგავს მერია თბილისელების ქონებას, გვიჩნდება ლეგიტიმური საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს იქნება ახალი და მასშტაბური კორუფციის წყარო.
რათქმაუნდა, თავისმხრივ გამოუყენებლი აქტივების ეფექტური მართვა, მერიის ვალდებულებაა და შეზღუდული საბიუჯეტო რესურსების პირობებში შესაძლებელია მათი პრივატიზება და ამ მექანიზმით ეკონომიკის წახალისებაც. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესი წარიმართოს სისტემურად და მაქსიმალურად ღიად. არ უნდა მოხდეს ისეთი აქტივების გასხვისება, რომლებიც მომავალში შესაძლოა დასჭირდეს ქალაქს ურბანული, რეკრეაციული თუ სხვა საზოგადოებრივი დანიშნულებით.
აუცილებელია მერიის ზედამხედველი ორგანოს - საკრებულოსა და საზოგადოების მონაწილეობა ამ პროცესში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყველანაირი შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილებით ისარგებლონ და მინიმალურ ფასად ჩაიგდონ ხელში თბილისელების საკუთრება, მერთან დაახლოებულმა ბიზნეს ჯგუფებმა.
ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით და პერიოდულად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ.“ - ნათქვამია განცადებაში.