საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე IT კომპანიები რეტროსპექტიულად დააჯარიმეს

საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე IT კომპანიები რეტროსპექტიულად დააჯარიმეს

access_time2022-04-14 13:00:12

საქართველოში IT ტექნოლოგიების განვითარების მიზნით 2011 წელს საგადასახადო კოდექსში ლიბერალური ცვლილებები გატარდა და „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის“ მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდათ. საკანონმდებლო ცვლილებიდან 10 წლის შემდეგ, აუდიტის სამსახურმა მსგავსი სტატუსის მქონე კომპანიებს მოგების გადასახადი და ჯარიმები რეტროსპექტიულად, 2018 წლიდან მოყოლებული დააკისრა და მოტივად კი ის გარემოება დასახელდა, რომ კომპანიები პროდუქციის საქართველოში წარმოების ფაქტს ვერ ადასტურებდნენ.

 

IT კომპანიების ინტერესების დასაცავად, 2022 წელს „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია“ შეიქმნა. ასოციაცია დაჯარიმების ფაქტებს სწავლობს და მათ გაუქმებასთან ერთად კანონში, შემდგომი ინტერპრეტაციების თავიდან არიდების მიზნით, ზოგიერთი ჩანაწერის დაკონკრეტებას ითხოვს.

 

იმის დასადგენად, თუ რამდენმა კომპანიამ ისარგებლა საშეღავათო სტატუსით, მათგან რამდენი კომპანია რა ოდენობის თანხით დაჯარიმდა, რა პროდუქციას ქმნიან ისინი საქართველოში და როგორია სამომავლო გეგმები, „კომერსანტი“ ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარეს შორენა კოპალეიშვილს დაუკავშირდა.

 

საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე  რამდენი კომპანია დარეგისტრირდა  2011 წლიდან დღემდე?


          საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციი მიერ ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური პასუხის თანახმად, 2022 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში მსგავსი სტატუსის მქონე სულ 1115 კომპანია იყო დარეგისტრირებული.


დაახლოებით რა თანხის პროდუქცია შეიქმნა ბოლო 11 წლის განმავლობაში საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების ძალისხმევით?


    აქტიური და მძლავრი ასეთი კომპანიის საშუალო წლიური ბრუნვა დაახლოებით 1 000 000 აშშ დოლარია. როგორც ხედავთ ეს არის ერთი კომპანიის  დაახლოებითი წლიური ბრუნვა, შესაბამისად თანხების მოცულობა ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.


რა თანხა შეიტანეს ბიუჯეტში კანონის ლიბერალიზაციიდან დღემდე შეღავათებით მოსარგებლე კომპანიებმა და ჯამურად რა თანხის შეღავათი გაუკეთდათ მათ?

    ასოციაცია მუშაობს მოთხოვნის წარდგენაზე შესაბამის სამსახურებისთვის, რათა მივიღოთ ეს ინფორმაცია და ავსახოთ ციფრებში. თუმცა,  შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი კომპანიის ბრუნვიდან გამომდინარე. მაგალითად: კომპანიაში მოგების განაწილება ხდებოდა რამდენიმე თვეში ერთხელ, რომელიც შეადგენდა 200 000-დან 400 000 აშშ დოლარამდე. ამ თანხის მინიმუმ 5% არის გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში დივიდენდის განაწილებისას. შესაბამისად, წელიწადში მხოლოდ ერთჯერადად, ერთი კომპანიის მიერ მხოლოდ დივიდენდის განაწილებისას 400 000 აშშ დოლარის 5% არის დაახლოებით 20 000 აშშ დოლარი.

 

2021 წლამდე ვირტუალური ზონის პირები სარგებლობდნენ შემდეგი სახის შეღავათებით:

•           საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;

•           საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;

•           საბაჟო მოსაკრებლით ექსპორტზე.



კანონის მიღებიდან 10 წლის შემდეგ, 2021 წლის დასაწყისში დაიწყო ამ  სტატუსის მქონე კომპანიების მასობრივი აუდიტი იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მათი საქმიანობა პრივილეგირებულ სტატუსს. შედეგად, კომპანიებს შეღავათები რეტროსპექტიულად გაუუქმდათ და მოგების გადასახადის გადახდა წარსული პერიოდიდან - 2018 წლიდან მოყოლებული დაეკისრათ. ასევე დაერიცხათ ჯარიმები - გადასახდელი თანხის 50%-ის ოდენობით. თანხები მილიონობით ლარამდე მერყეობს. ეს ყოველივე კი იმ მოტივით, რომ კომპანიები ვერ ასაბუთებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მათ საქმიანობას. კერძოდ, არ ისხდნენ საქართველოში და არ დგინდებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შექმნის ფაქტი. თუმცა დღემდე ბიზნეს პასუხი არ მიუღია მთავარ კითხვებზე: 1) ამდენი წლის შემდეგ, რა გახდა საგადასახადო პოლიტიკის ასეთი ხისტი ფორმით ცვლილების მიზეზი; 2) რატომ იბეგრება კომპანიები გასული პერიოდისთვის, მაშინ როდესაც იმ მომენტისთვის არ არსებობდა არანაირი გზამკვლევი ან მითითება გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე და რატომ განმარტავს შემოსავლების სამსახური კანონს ბიზნესის საზიანოდ.


სულ რამდენი კომპანია დაჯარიმდა და რა ოდენობის თანხით?


ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია უკვე 4 კომპანიის საქმე, რომელთა ჯარიმები აღემატება მილიონ ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ დაჯარიმებულია ასობით კომპანია, ჩვენი ვარაუდით, დაკისრებული ჯარიმები მერყეობს  რამდენიმე მილიონი ლარის ფარგლებში. ასოციაციამ შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია კომპანიების ჯარიმების ამსახველი აქტების წარმოდგენის თაობაზე, რაზეც სამწუხაროდ მივიღეთ უარი, მაშინ როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცალსახად განიმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო.


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასოციაციის შექმნამდე კომპანიები, განსაკუთრებით კი უცხოელი ინვესტორები თავს იკავებდნენ საჯაროდ ამ პრობლემებზე საუბრისგან. ახლა კი ყოველდღიურ რეჟიმში გვიკავშირდება დაზარალებული კომპანიები, მათი წარმომადგენლები და გვიზიარებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამდენად უჭირთ საკუთარი უფლებების დაცვა სახელმწიფოსთან მიმართებაში. მე მოვუწოდებ ყველა კომპანიას დაგვიკავშირდნენ და შემოგვიერთდნენ.


რამდენი ადამიანია დასაქმებული 2022 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებში, მათგან რამდენი პროცენტია საქართველოს მოქალაქე?


დასაქმებულთა რაოდენობა დამოკიდებულია ამა თუ იმ კომპანიის საჭიროებებზე. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სტატუსის მქონე კომპანიებს და მათ უცხოელ დამფუძნებლებს გაუჭირდათ კვალიფიციური და შესაბამისი პროფილით მომუშავე კადრების მოძიება საქართველოში.


გარდა ამისა, IT ინფრასტრუქტურის ხარჯებმა კომპანიისთვის შეიძლება მიაღწიოს მთლიანი ხარჯების 90%-ს. მაგალითად ჰოსტინგი, სერვერის სიმძლავრეების შეძენა (Amazon, Cloudfire, Hetzner). დაგვეთანხმებით, რომ IT პროდუქტების შექმნა შეუძლებელია ხარისხიანი IT ინფრასტრუქტურის გარეშე. სამწუხაროდ მსგავსი სერვისების მიმწოდებელი საქართველოში ჯერ არ არსებობს.


რამდენია საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი საქართველოში რეგისტრირებულ საერთაშორისო IT კომპანიებში და რამდენი საზღვარგარეთ? (აშშ, გერმანია, ესტონეთი...)


ეს პირველ რიგში დამოკიდებულია სპეციალისტის კვალიფიკაციაზე. ქართულ სექტორში, შეიძლება ითქვას, IT სპეციალისტები პრაქტიკულად იგივე ანაზღაურებას იღებენ, როგორც ევროპულ კომპანიებში. ხელფასის ოდენობა 1000 აშშ დოლარიდან იწყება და ათობით ათას აშშ დოლარს აღწევს იმ შემთხვევაში თუ კადრი უფროსი სპეციალისტია და აქვს უნიკალური კომპეტენციები.


ტექნოლოგიური განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, კანონის ლიბერალიზაციის შემდეგ, რა წვლილი შეიტანეს საერთაშორისო IT კომპანიებმა საქართველოში?


ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებზე და არა საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებმაც აქ გახსნეს თავიანთი წარმომადგენლობები. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი IT კომპანია, რომელიც საქართველოს იურისდიქციის სახელით ქმნის პროდუქტს ამით აძლიერებს ქვეყნის რეპუტაციას, ავითარებს ქვეყნის საბანკო სისტემას და რაც მთავარია ამაღლებს კადრების კვალიფიკაციის დონეს.


კანონის რა ნაწილი აჩენს ინტერპრეტირების საშუალებას და როგორ უნდა შეიცვალოს ის?


საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ კანონის მე-6 მუხლში ვკითხულობთ: „ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან“. კანონის ეს ჩანაწერი ცალსახად არ ასახავს იმ ფაქტს, რომ ამ კომპანიების თანამშრომლები უშუალოდ საქართველოში უნდა იმყოფებოდნენ და საინფორმაციო ტექნოლოგიებს ყიდდნენ საქართველოდან. უფრო მეტიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი არანაირ წინაპირობას არ აყენებს, იმისთვის, რომ იურიდიულმა პირმა ისარგებლოს მოგების 15%-იანი შეღავათით.


როგორც ვხედავთ, კანონი დღემდე იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რისი მცდელობაც საგადასახადო ორგანოების მხრიდან უხეშად არღვევს ინვესტორების უფლებებს და ლახავს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.


დაზარალებული კომპანიების მთავარი მოთხოვნები არის შემდეგი:

1-         გაუქმდეს  საგადასახადო შემოწმების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და დაკისრებული ჯარიმები.

2-         განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები ყველა შესაბამის კანონში, რათა ადგილი არ ჰქონდეს კანონის ინტერპრეტაციის მცდელობას არც ერთი მხარის მიერ.

3-         დადგინდეს ზუსტი კრიტერიუმები, როგორც აუცილებელი წინაპირობა საგადასახადო დაბეგვრისაგან გათავისუფლებისთვის, რათა კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი ინფორმაცია, მიიღონ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები და წინასწარ იცოდნენ რა საგადასახადო შედეგები მოჰყვება მათ საქმიანობას, თუ ისინი არ დააკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს.


გიორგი ელიზბარაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up