ყველაზე მეტად დაბეგრილი და რეგულირებული ინდუსტრია საქართველოში, ახალი რეგულაციის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება.
მთავრობის მიერ არათანმიმდევრული რეგულაციების შემოღებასა და აქციზის ასეთი ნახტომებით ზრდის შედეგად, ქვეყანაში კონტრაბანდის მატებას არ გამორიცხავს „ჯეი-თი-აი”-ს კორპორაციული დირექტორი ივა ხასია.
„სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული მაშინ, როდესაც რადიკალურად მოხდა აქციზის მატება, ამან გამოიწვია კონტრაბანდის და გასახვევი თუთუნის გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქტის შემოდინება საქართველოში, რომელიც არ ექვემდებარებოდა კანონმდებლობას, შესაბამისად ბიუჯეტსაც ძალიან დიდი ზიანი მიადგა და ამის შესახებ მთავრობამაც აღიარა. ეს კონკრეტული გადაწყვეტილება რაც ახლა შევიდა ძალაში დაგვიანებულია და ამ დრამატულ სიტუაციას ძალიან მალე ვერ გამოასწორებს, ეს ერთგვარი აღიარებაც არის იმ შეცდომის რაც მაშინ იქნა დაშვებული. გარდა ამისა, არასაკმარისია იმ სერიოზული გამოწვევების საპასუხოდ რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ქვეყანაში რეგიონული კონტექსტიდან ფასები აბსოლუტურად ამოვარდნილია, იმდენად გაზრდილია ფასთაშორის სხვაობა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით და იმდენად იაფია იქ სიგარეტი, რომ ფაქტობრივად,შეუძლებელია კონტრაბანდის შემოდინების გაკონტროლება. ამიტომ ერთი ნაჩქარევი გადაწყვეტილების ნაცვლად, საჭიროა ამ საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა და გრძელვადიანი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს სექტორის დაბალანსებას და საბიუჯეტო სახსრების უზრუნველჰყოფას. მსგავსი გადაწყვეტილებები უფრო რეაგირებას ჰგავს იმ გამოწვევებზე რაც არის და ეს უკვე დაგვიანებულია. ასეთი ნახტომებით აქციზის გაზრდა და მსგავსი რეგულაციები, რა თქმა უნდა კონტრაბანდის გაზრდას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ივა ხასიამ.
დადებით ეფექტს გასახვევი თამბაქოს დაბეგვრაში ვერ ხედავს ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძეც, რომელიც მიიჩნევს რომ აღნიშნულ ინიციატივას კონტრაბანდის შემთხვევების გაზრდა მოჰყვება.
„შედეგი იქნება ის, რომ გაყიდვები გადავა „შავ“, არალეგალურ სექტორში რაც ხელს შეუწყობს კონტრაბანდას. დიდი ალბათობით გაიზრდება კონტრაბანდა და ბიუჯეტი თანხებს დაკარგავს. გასაგებია ამ იდეის ავტორების მოტივი იმიტომ, რომ მოსახლეობა გადასულიყო ჩვეულებრივ, დაფასოებულ პროდუქტზე, რომელზეც არის მაღალი აქციზის გადასახადი და უფრო ძვირი თამბაქო მოეხმარა. თუმცა ამ მიზანს ხელისუფლება ვერ მიაღწევს და თუთუნი გახდება არალეგალური, რადგან ამის შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ადამიანები ვინც ახლა ლეგალურ გასახვევ თამბაქოს ეწევია, მერე შესაძლოა გადავიდეს კონტრაბანდით შემოტანილი თამბაქოს პროდუქციაზე, რაც კიდევ უფრო უარესია. ფინანსური კუთხით რომ შევხედოთ, შეიძლება ბიუჯეტს დიდი ზარალი არ მიადგეს, მაგრამ ჯამურად ნეგატიური შედეგის მომტანია. ფაქტია, რომ საგადასახადო პოლიტიკა მოსახლეობას უბიძგებს არალეგალური სექტორისგან შეისყიდოს პროდუქცია და ის წაახალისოს“, - აცხადებს ლაშა გოცირიძე.
როგორც ცნობილია,21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში.
აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ასევე, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.
ნინო თამაზაშვილი