საფრანგეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ბინის ქირის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გადასახადების დარიცხვა შეაჩერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა განაცხადა ქვეყნის მოსახლეობისადმი საგანგები ტელემიმართვისას.
მაკრონმა განმარტებით, ეს შეღავათი მცირე მეწარმეებსა და საწარმოებს შეეხებათ, რათა საფრანგეთში არცერთი მცირე ბიზნესი ან მეწარმე არ დადგეს გაკოტრების საფრთხის წინაშე.
„ომში ვართ, რა თქმა უნდა, სამედიცინო ომში. ჩვენ არ ვებრძვით არმიას ან სხვა ერს, მაგრამ მტერი აქვეა, უხილავი, მოუხელთებელი, განვითარებადი. საჭიროა საყოველთაო მობილიზაცია,“ - განაცხადა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში და ის ადამიანები გააკრიტიკა, რომლებმაც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არასერიოზულად მიიღეს.
მისი თქმით, საფრანგეთი ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრებს სამშაბათიდან 30 დღით ჩაკეტავს. გარდა ამისა, ქვეყანაში 22 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გადაიდება.
გაზეთი „რეზონანსი“