საფრანგეთის ხელისუფლება ერთ-ერთ ოჯახში ნაპოვნ ცნობილი ფლორენციელი ოსტატის, ჩიმაბუეს ტილოს 24 მილიონ ევროდ შეისყიდის. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული ბიურო, საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ცოტა ხნის წინ აუქციონზე გაყიდული ტილოს ქვეყნიდან გატანა 30 თვით აკრძალეს. ამ ხნის განმავლობაში კი, საფრანგეთის ხელისუფლება ხელოვნების ნიმუშის შესყიდვისთვის საჭირო თანხას მოაგროვებს.
ფლორენციელი ფერმწერის, ჩიმაბუეს ნამუშევარი „ქრისტეს დაცინვა“ რამდენიმე თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კომპიეში მცხოვრები ქალის სახლის სამზარეულოში შემთხვევით იპოვეს.
ხელოვნების ნიმუში პროტორენესანსის პერიოდში, სავარაუდოდ 1280-იან წლებში შეიქმნა. მეცამეტე საუკუნის ნამუშევარი საფრანგეთის მცხოვრებს სამზარეულოში გაზქურის კედელს ამშვენებდა. ტილოს ფასეულობის დადგენის შემდეგ ის აუქციონზე 24-მილიონ ევროდ გაყიდეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ კი, ნამუშევრის გამოსყიდვა გადაწყვიტა.
ქვეყნის კულტურის სამინისტრო სამზარეულოში აღმოჩენილ ნამუშევარს ადგილს ლუვრის მუზეუმში, ჩიმაბუეს სხვა ნამუშევრებთან მიუჩენს.
1tv.ge